საქართველოს საკითხი აშშ-ის თავდაცვის აქტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ვერსიებში
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს, ხოლო სენატმა 23 ივლისს, მიიღეს აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსიები, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერ ჩანაწერებსაც მოიცავს.
წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ვერსიის 1 244-ე ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-ის „ღირებული პარტნიორია“, რომელმაც „ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცებისადმი ერთგულება არაერთგზის დაადასტურა“, მათ შორის, თავისი სამხედრო ძალების ერაყსა და ავღანეთში გაგზავნით.
აქტი მხარდაჭერას გამოხატავს „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის“, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქტის თანახმად, აშშ არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა „უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური შესაძლებლობების გზით, რათა განამტკიცოს [მისი] მედეგობა, შეაკავოს რუსული აგრესია და ხელი შეუწყოს რეგიონის სტაბილურობას:
- თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებითა და მზადყოფნით;
- ნატოს სამხედრო ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესებით;
- საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სხვა პარტნიორებთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებით“.
დოკუმენტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „ევროპული შეკავების ინიციატივა საქართველოს პარტნიორობის შესაძლებლობებს უქმნის, რაც მას აშშ-თან და ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და საკუთარი უსაფრთხოების მიღწევის საშუალებას აძლევს“.
წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ თავდაცვის აქტში ასევე ნათქვამია, რომ „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია მისთვის აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მისაღწევად და რეგიონში უფრო მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად“.
სენატის მიერ მიღებულ ვერსიაში კი ნათქვამია, რომ „რუსეთის აგრესიის უკეთ შესაკავებლად“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უფრო ხშირი და მასშტაბური უნდა გახადოს შავი ზღვის რეგიონში უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით ნატოს თუ სხვათა ეგიდით გამართული მრავალმხრივი [სამხედრო] სწავლებები.
სენატში ამ აქტის ინიციატორმა, სენატორმა ჯეიმს ინჰოუფმა თქვა, რომ „ახლა, ჩვენი [აშშ-ის] უსაფრთოხებისათვის მთავარი გამოწვევები ჩვენი ღირებულებების მოწინააღმდეგე ავტორიტარული რეჟიმებისგან, კერძოდ – ჩინეთისა და რუსეთისაგან მოდის“.
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დოკუმენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას“.
თავდაცვის აქტი ყოველწლიური საბიუჯეტო კანონპროექტია, რომელიც აშშ-ის სამხედრო პოლიტიკას განსაზღვრავს, აგრეთვე ადგენს მისი დაფინანსების დონესა და ამ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებს.
წარმომადგენელთა პალატა და სენატი ახლა თავდაცვის აქტის საერთო დოკუმენტზე უნდა შეჯერდნენ, რაც სავარაუდოდ, რამდენიმე კვირას გასტანს. საერთო, შეჯერებული ვარიანტი შემდეგ წარმომადგენეთა პალატამ და სენატმა ცალ-ცალკე უნდა დაამტკიცონ. ამის შემდეგ თავდაცვის აქტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო აშშ-ის 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტში
- საქართველო აშშ-ის 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტში
- საქართველო აშშ-ის 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)