საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრიტანეთის საგარეო მინისტრს შეხვდა
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 ივლისი, N165
საქართველოს ფინანსურ-ეკონომიური მისია ევროპაში
თანახმად სარწმუნო წყაროებიდან მიღებულ ცნობებისა, საქართველოს ფინანსურ-ეკონომიური მისია, რომლის სათავეში ფინანსთა მინისტრი კანდელაკი არის, ამ ჟამად იმყოფება ლონდონში, სადაც ხანგრძლივი აუდიენციის დროს მას (მისია) შეძლება ჰქონდა ესაუბრა ბრიტანეთის გარეშე საქმეთა მინისტრ კერზონთან.
კანდელაკს ძლიერ კარგად შეხვდენ. ლორდ კერზონმა საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრების გასაცნობად მეტად დიდი ინტერესი გამოიჩინა. კანდელაკმა გააცნო მას საქართველოს რესპუბლიკის არსებული პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობა მისი ბუნებრივი სიმდიდრე და სხვ.
კანდელაკმა ინახულა აგრეთვე ბრიტანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კომერციულ ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს.
მრეწველთა წარმომადგენლების მიწვევით კანდელაკმა ინახულა ლითონის მრეწველობის სამეფო შეფილდი და მანჩესტერი.
ინგლისის ყველა გავლენიანმა გაზეთმა აღნიშნა კანდელაკის მიერ ამ რაიონების დათვალიერების ფაქტი და ამასთანავე მათ საქართველოს მისიის წევრების სურათები დაბეჭდეს.
ინგლისის პრესა აღნიშნავს, რომ ინგლისი მეტად ყურადღებით ეპყრობა საქართველოს. ბრიტანეთი სავაჭრო სამრეწველო წრეებმა ისარგებლეს საქართველოს მისიის ლონდონში ყოფნით, რომ პირველ წყაროებიდან გაეგოთ საქართველოს მრეწველობის მდგომარეობა და მისი პერსპექტივები.
თანახმად იმავე სარწმუნო ცნობებისა საქართველოს ფინანსურ-ეკონომიურ მისიის წევრებმა ინგლისის ვაჭრებთან და მრეწველებთან საქმიანი კავშირის დაჭერა შესძლეს.
ამასთანავე გამოირკვა, რომ საქართველოს მთავრობას ინგლისი რამდენიმე მილიონ გირვანქა სტერლინგის კრედიტს გაუხსნის. საერთაშორისო ფინანსურ წრეებში ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ეძლევა.
იმავე წყაროებიდან იტყობინებიან, რომ საქართველოს კომერციულმა აგენტმა მიხეილ ყაუხჩიშვილმა, რომელიც შვეციაში და ნორვეგიაში იმყოფებოდა, ინახულა სავაჭრო-სამრეწველო და ფინანსური წრეები, რომელთაც განზრახვა აქვთ ამ მოკლე ხანში გამოგზავნონ საქართველოში თავისი წარმომადგენლები, რათა აქ ჰიდრო-ელექტრონის სადგურები, ასანთისა და სხვა ქარხნები მოაწყონ, რომელშიც საქართველოს მთავრობა წარმოების მონახევრე იქნება.