ევროპის მოამბე – 18 ივლისი
🇬🇧🇺🇸🇨🇦🇷🇺 დასავლეთის სახელმწიფოების – დიდი ბრიტანეთის, კანადისა და აშშ-ის – უშიშროების სამსახურებს განუცხადებიათ, რუსმა ჯაშუშებმა კორონავირუსის ვაქცინის ჩვენებური კვლევები ამოიღეს მიზანშიო. ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს უთქვამს, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რუსი ჰაკერები იდგნენ ჩვენზე თავდასხმის უკანო. თუმცაღა, ბრიტანელებს დაუყოლებიათ, ვაქცინის კვლევები ამით არ შეფერხებულაო. რუსები ბრალდებას უარყოფენ.
🇪🇺🇳🇱🇮🇹 პანდემიისაგან დაზარალებული კონტინენტისთვის საერთო ევროპული დახმარების ფონდებზე სამსჯელოდ შეკრებილ ევროპელ ლიდერებს წუხელ, 13 საათიანი უშედეგო ბაასის შემდეგ, დაშლა-არ მოშლისა ნაადრევად შეუსვამთ. ხელმომჭირნე ჰოლანდიელ პრემიერს მარკ რუტეს ხელები გაუსავსავებია და მოუთხოვია, ევროკავშირის 27 წევრიდან თითოეულს უნდა შეეძლოს 750 მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში ერთი-მეორის მიერ წარმოდგენილი პროექტის დაბლოკვაო. ამაზე სხვა ქვეყნები არ თანხმდებიან, განსაკუთრებით, კოვიდისაგან ფრიად დაზარალებული იტალია, რომლის პრემიერი ჯუზეპე კონტე ცდილობს, ევროკავშირმა დახმარების პაკეტს მკაცრი წესები და დათქმები არ მოაყოლოს. მოლაპარაკებები ბრიუსელის დროით დღეს დილით, 11-ზე უნდა განახლდეს.
🇷🇺 რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გადავინაცვლოთ. ხაბაროვსკში უკვე ერთი კვირაა ადგილობრივები ქუჩაში ყოველდღე გამოდიან და გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებენ. პატივცემული გუბერნატორი წინა კვირას 15 წლის წინანდელი მკვლელობების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის მიზეზით დაუკავებიათ. ფურგალი ბრალდებებს უარყოფს. ბრალდები არ სჯერათ არც ხაბაროვსკელებს, რომლებიც მოითხოვენ, მოსკოვს წასხმული გუბერნატორი ხაბაროვსკში დააბრუნონ და იქვე სამართლიანად გაასამართლონ. ფრუგალი, ფიქტიური ოპოზიციური პარტიის, სახელად ლიბერალ-დემოკრატიული და სინამდვილეში კი ჟირინოვსკის ულტრანაციონალისტური პარტია LDPR-ის წევრი, 2018-ში აურჩევიათ გუბერნატორად. ფურგალს მას მერე ბევრი ემადლიერება. მისი ზოგიერთი მომხრე და დამკვირვებელი ამბობს, ფურგალი იმიტომ დააპატიმრეს, ხაბაროვსკში პუტინის ამასწინანდელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ცოტა ამომრჩეველმა რომ დაუჭირა მხარიო.