ევროპის მოამბე – 21 ივლისი
🇪🇺 ბოლო დღეებია მთელი კონტინენტის ყურადღება ბრიუსელისკენაა მიპყრობილი. როგორც იქნა, აქ სამშაბათს გამთენიას ევროკავშირის მეთაურები და 27 წევრი ქვეყნის ლიდერები კორონავირუსისგან დაზარალებული კონტინენტისათვის 750 მილიარდ ევროიან დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ. დილის 5 საათსა და 30 წუთზე, 5 დღიანი სამიტის შემდეგ, ლიდერები შეთანხმებულან, რომ 390 მილიარდი ევრო გრანტების სახით გაიცემა, 360 მილიარდი კი – სესხის სახით. გამთენიის 6-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლაპარაკებების მასპინძელი და თავკაცი, პრესასთან გამოსულა და განუცხადებია, „ჩვენ ეს შევძელით. ევროპა ძლიერია და ერთიანიო“. პატივცემულ პრეზიდენტს დაუყოლებია, შევძელით გვეჩვენებინა, რომ ევროპული პროექტი მუშაობს, რადგანაც, მაშინაც კი, როდესაც შეთანხმება შეუძლებელი ჩანს, ჩვენ ამ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზითო.
🇪🇺 შეგახსენებთ, რომ დახმარების თავდაპირველი პაკეტი მერკელმა და მაკრონმა შეიმუშავეს. გერმანია-საფრანგეთს 500 მილიარდიანი საგრანტო პროექტი სურდათ, რასაც ევროკომისიამ 250 მილიარდიანი სესხის პროგრამა მიამატა. აღნიშნული 750 მილიარდიდან ხელმომჭირნე ქვეყნები სესხის წილის გაზრდასა და გრანტების წილის შემცირებას ითხოვდნენ.
🇪🇺 მართალია, ხელმომჭირნეებმა, ნიდერლანდ-ავსტრიის თამადობით, თავიანთ სურვილს ნაწილობრივ მიაღწიეს, თუმცა ბედნიერნი არიან მაკრონიცა და მერკელიც.
🇪🇺 გეგმის მხარდამჭერები, ყველაფერთან ერთად, იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუ რამხელა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მსგავსი პაკეტის მიღებას და სოლიდარობის ასეთ გამოვლინებას კორონავირუსისაგან დაზარალებული კონტინენტის დასახმარებლად.
🇪🇺 ევროკომისია წინასწარმატყველებს, რომ კორონავირუსის გამო, რომელმაც ევროკავშირის 135 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა, ევროკავშირის ეკონომიკა წელს 8.3%-ით შემცირდება.