დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 27 ივლისს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მესამე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 11 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 29 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 1 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 929 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 16 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები

კვლევის ფარგლებში, გაანალიზებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 980 პაციენტის მონაცემი, მათ შორის, 499 კაცი (50.9%) და 481 ქალი (49%).

პაციენტების მაქსიმალური ასაკი 90 წელი, მინიმალური 9 თვე, საშუალო ასაკი 42.6 წელი, მედიანა კი – 43 წელი იყო. 980 პაციენტიდან ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა – 534 შემთხვევა (54.5%) 30-59 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში

წინა კვლევის მსგავსად, კოვიდ-19-ის სიმპტომებიდან, ყველაზე ხშირად ახლაც ცხელება (57.3%), ზოგადი სისუსტე (34.5%), ხველა (24.6%), ყელისა (17.0%) და თავის ტკივილები (14.5%) ვლინდება. უსიმპტომო შემთხვევების წილი კი – 11% იყო.

კვლევის თანახმად, თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო: ჰიპერტენზია (15.5%), გულ-სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები (7.4%) და დიაბეტი (6.8%).

ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში (58.8%) პაციენტებში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, 30.8%-ის შემთხვევაში საშუალო სიმძიმის იყო, მძიმე პაციენტების წილი 7.8%-ს შეადგენდა, ხოლო კრიტიკული მდგომარეობა მხოლოდ 2.8%-ის შემთხვევაში გამოვლინდა.

სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა 21 დღეს შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, კოვიდ-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა (69.3) და თბილისში (26.0), ხოლო ყველაზე დაბალი – სამეგრელო ზემო-სვანეთსა (2.8) და იმერეთში (2.4).

ამასთან, კვლევის ფარგლებში გაანალიზებული 980 შემთხვევიდან, 272 უცხო ქვეყნიდან შემოტანილი იყო. აქედან ყველაზე დიდი წილი 46.6 (127) რუსეთზე, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) აზერბაიჯანზე, ხოლო 7.7% (21) კი – სომხეთზე მოდის.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

11 ივლისის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 19.0 იყო.

ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი R დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ, 3.88-ს შეადგენდა, ხოლო ამ ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის (11 ივლისი) – 0.93 იყო.

აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელებამ საგრძნობლად იკლო და ახლა ერთი დაინფიცირებული ადამიანი კორონავირუსს საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს გადასდებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა ანგარიშში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (0.44) შედარებით.

11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევების ჯამური რაოდენობა 15 იყო, ლეტალობის მაჩვენებელი კი – 1.5% იყო.

ლეტალური შემთხვევების 93%-ში ძირითადი დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. ამასთან, კოვიდ-19-ის მქონე  გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს კი – ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

საქართველოში 2020 წლის პირველი 6 თვის პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 7%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით  1%-ით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდ-19-ს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა არ ჰქონია.

ტესტირების მიმოხილვა

30 იანვრიდან 11 ივლისამდე პერიოდში, საქართველში კოვიდ-19-ის გამოსავლენად, PCR2 მეთოდით, ჯამში, 147 700 ტესტირება ჩატარდა, მათ შორის, 142 577 პირველადი. ტესტირების დიდი ნაწილი (26.4%) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიამ ჩაატარა.

როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს, საქართველოში ჩატარებული ტესტირებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 34 392 ივნისის მეორე ნახევარში ფიქსირდება. რაც შეეხება დღიურად ჩატარებულ ტესტირებებს, ამ მხრივ ივლისის პირველი 10 დღე გამოირჩევა, როდესაც ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამოსავლენად დღეში საშუალოდ 3 125 ტესტი ტარდებოდა.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში

11 ივლისის მდგომარეობით, კოვიდ-19-ზე ჩატარებული ტესტირების საერთო რაოდენობიდან დადასტურებული შემთხვევების წილი მხოლოდ 0.7% იყო.

ანგარიშის მიხედვით, 11 ივლისის მდგომარეობით, სამედიცინო პერსონალის კოვიდ-19-ით ინფიცირების 129 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყანაში იმ დროისთვის რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 13.2%-ია.

11 ივლისის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევების 5 200 კონტაქტის მოძიება განხორციელდა. „ინფექციის გავრცელების მიდევნების მიზნით, ხდებოდა კონტაქტების თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)