მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ქართველი ტყვეები
ავტორი: სალომე სალაძე
რამდენიმე დღის წინ უცხო ადამიანის შეტყობინება მივიღე, თქვენი პროექტი – „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები“ – ვნახე და ჩემი დიდი ბაბუა, სიმონ დაღელაშვილიც ამ საკონცენტრაციო ბანაკში იყოო. სახელი და გვარი არ მეცნო და გადამოწმებას შევუდექი, ეწერა თუ არა ეს სახელი და გვარი ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ჩვენს ხელთ არსებულ სიაში. იქვე სტანდარტული კითხვებიც მივწერე, ბოლოს როდის შეგეხმიანათ ბაბუა და მისი კვალი როდიდან დაიკარგა-მეთქი.
მსგავსი შინაარსის წერილის მიღება არ გამკვირვებია და არც პირველი ყოფილა მას შემდეგ, რაც ორმა ქართველმა სტუდენტმა ავსტრიულ არქივში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ მყოფი ქართველი ჯარისკაცების სია მოვიძიეთ. სია ინტერნეტში იმ იმედით გამოვაქვეყნეთ, რომ მათ შთამომავლებს ვიპოვიდით.
გასაკვირი პასუხი მივიღე – არა, მის კვალს არ ვეძებთ, ცოცხალია, ახლა გორში ცხოვრობს და 100 წლის ხდება, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს ცოცხალი გადაურჩა, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვაო. თან ფოტო გამომიგზავნა, რომელზეც კოვზი ჩანს წარწერით „U.S.“ („აშშ“) – 1945 წელს ბანაკი ამერიკელმა ჯარისკაცებმა რომ გაათავისუფლეს, ბაბუამ ეს კოვზი საქართველოში დაბრუნებისას სამახსოვროდ წამოიღოო.
ამბავი ერთი შეხედვით რთულად დასაჯერებელი იყო, რადგან ჩვენ მიერ არქივში მოძიებული ინფორმაციით, 1945 წელს, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ამერიკელი ჯარისკაცების მიერ გათავისუფლებისას, იქ მყოფი 18 000 ჯარისკაციღა გადარჩა ცოცხალი, მათგან კი მხოლოდ სამი იყო საქართველოდან. თუმცა, ეს ციფრი მთლად სანდოც შეიძლება არ იყოს, სულ მცირე ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ბანაკის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნაცისტებმა ბანაკში შემოყვანილი ტყვეების აღწერა შეწყვიტეს და დოკუმენტაციის ნაწილი გაანადგურეს; მეორეც, როგორც გადარჩენილი სიმონ დაღელაშვილი იხსენებს, ჩემ გარდა სხვა ქართველებიც იყვნენ, თუმცა საქართველოში მხოლოდ მე დავბრუნდიო.
„მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები“* ავსტრიაში მცხოვრები ორი ქართველი სტუდენტის მიერ მოხალისეობრივად განხორციელებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ მყოფი 220 ქართველი ჯარისკაცის მონაცემების მოძიება შევძელით და რომლის შესახებაც ამ სტატიაში მინდა გიამბოთ.
ექსკურსია ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში
ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როცა ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციიდან“ რამდენიმე ქართველი სტუდენტი მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გავემგზავრეთ.
ეს ადგილი მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ნაცისტების მიერ ავსტრიის ტერიტორიაზე აგებული ყველაზე დიდი და მკაცრი რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკი იყო. აქ მოხვედრა იმთავითვე სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.
აქ ხდებოდა ყველა ის საშინელება, რაც შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკის ხსენებაზე წარმოიდგინოთ, ფიზიკურად და სულიერად დაავადებული ადამიანების ევთანაზიითა და მათზე სამედიცინო ცდებით დაწყებული, გაზის კამერებით დამთავრებული. შვიდწლიანი არსებობის განმავლობაში ბანაკში 81 000 ადამიანი მოკლეს.
თავიდან ამ საკონცენტრაციო ბანაკში იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები მიჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით, სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის, ებრაელები, ასევე ომის დროს დატყვევებული საბჭოთა ჯარისკაცებიც.
ეს ორი უკანასკნელი ჯგუფი განსაკუთრებით მძიმე დღეში ჰყავდათ. გარდა იმისა, რომ საკონცენტრაციო ბანაკის პირობები გაუსაძლისი იყო, ტყვეების დიდი ნაწილი ვალდებული იყო, იქვე არსებულ გრანიტის სამტეხლოში მთელი დღის განმავლობაში ემუშავა.
ბანაკი ნაცისტებისგან 1945 წლის 5 მაისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს, რომელთა ნაწილმაც თავიანთ მოგონებებში აღწერა იქ ნანახი ვითარება – ცხედრები, გაზის კამერები, რომლებიც აქ 1942 წელს დაამონტაჟეს და რომელთაც წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ტყვეები, რომლებიც არაადამიანურ პირობებში იყვნენ, მათ ნაწილს ტანისამოსიც კი არ ეცვა და შიმშილისგან ჩონჩხებს დამსგავსებოდნენ.
მოგონებების თანახმად, ტყვეები ფიზიკურად და ფსიქიკურად იმდენად რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მათი ორგანიზმი იმდენად იყო დასუსტებული, რომ მათი ნაწილი ბანაკის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ქართველი ჯარისკაცების კვალი
ავსტრიელი გიდი სტუდენტებს ორ საათს გვიყვებოდა ბანაკის ერთიმეორეზე უფრო მძიმედ მოსასმენ ისტორიებს. ბოლოს გარდაცვლილ ტყვეთა მოსაგონარ ოთახში შეგვიყვანეს, სადაც რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი, ციფრული დაფა დაამონტაჟეს. დაფაზე ბანაკში გარდაცვლილი 81 000 ჯარისკაცის სახელი და გვარი ეწერა – მათ მშობლიურ ენაზე. მათ შორის, ბანაკის მიერ დაფაზე დატანილი ქართული ანბანით დაწერილი სახელები და გვარები შევამჩნიეთ. ელექტრონულად განათებულ დაფაზე წარწერები საკმაოდ პატარა შრიფტითაა დატანილი და სულ რამდენიმე წუთითაც კი საკმარისია მისი კითხვა, რომ თვალები გიჭრელდება და რთულად ამჩნევ იმას, რასაც ეძებ.
ქართული სახელებისა და გვარების ნაწილი იქვე ამოვწერეთ, ნაწილი მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მონაცემთა ბაზიდან – სულ ჯამში 65 ადამიანის გვარ-სახელი. ამ მონაცემთა ბაზაში გვარების მოძიება ბევრად უფრო მარტივი იყო, თუ რომელიმე ქართულ ასო-ბგერას ჩაწერთ, მაშინვე გაჩვენებთ ყველა ქართულ სახელს და გვარს, რომელიც ამ ასო-ბგერას შეიცავს.
იქ მყოფმა ორმა სტუდენტმა, მარიკა ბექაურმა და მე, იქვე გადავწყვიტეთ, უფრო მეტი გაგვეგო იქ მოხვედრილი ქართველი ტყვეების შესახებ. ასე დაიბადა პროექტ „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების“ იდეა.
კვლევა მაუთჰაუზენის ცენტრალურ არქივში
მაუთჰაუზენის ცენტრალურ არქივში ქართველ ტყვეთა სახელების და გვარების მოძიება რამდენიმე თვეს გაგვიგრძელდა.
ამ ხნის განმავლობაში გვიწევდა ბაზაში არსებული სიების სათითაოდ გადათვალიერება და მათში ქართული სახელების და გვარების მოძებნა – ჩვენ მიერ არჩეული ძიების სისტემა მარტივი იყო, სათითაოდ ვკითხულობდით ყველა სახელს და გვარს, ვიწერდით მათგან ქართული წარმომავლობის/დაბოლოებისას და ასევე იმათ, რომელთაც დაბადების ადგილად საქართველოს რომელიმე ქალაქი/სოფელი ჰქონდა მითითებული. ეს სიები სხვადასხვა სახის იყო – ბანაკში შემოსულ, იქ გარდაცვლილ თუ სხვა ბანაკიდან გადმოყვანილ ტყვეთა.
კიდევ ერთ დაბრკოლებას ის წარმოადგენდა რომ ხშირად ტოპონიმები, სახელები და გვარები დამახინჯებით იყო ბარათებში მითითებული და გვიწევდა მათი სწორი ფორმის სხვადასხვა გზით დადგენა.
რამდენიმე წლის მონაცემების, ასევე რამდენიმე ათასი სახელის და გვარის გადათვალიერების შემდეგ, 220 ქართული სახელი და გვარი ვიპოვეთ, ამოვწერეთ და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის გვერდზე დავდეთ, იმ იმედით, რომ ხალხი ინფორმაციას გააზიარებდა და ამ გზით მათ შთამომავლებს მივაკვლევდით. (სრული სია იხილეთ აქ).
ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების დახმარებით რამდენიმე ჯარისკაცის შთამომავლებს მალევე მივაკვლიეთ, რომლებიც თავიანთ წინაპრებს ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად მიიჩნევდნენ.
მემორიალური დაფის აღმართვა
გვარების მოძიების პარალელურად, კიდევ ერთი ამბიციური იდეა დაგვებადა და განვიზრახეთ, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სხვა ქვეყნების გვერდით, იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მოსაგონრად მემორიალური დაფა დაგვედგა.
დაფის ნიმუში მარიკამ დაამზადა და მაუთჰაუზენის ბანაკის წარმომადგენლებს გავუგზავნეთ თხოვნით, მისი აღმართვის უფლება მოეცათ. დასტური მალევე მოგვივიდა, თუმცა კიდევ ერთი დაბრკოლების წინაშე აღმოვჩნდით, რთული იყო ორი სტუდენტის შემოსავალი ჰყოფნოდა მემორიალური დაფის დამზადებასა და აღმართვას.
ჩვენდა საბედნიეროდ, ვენაში მცხოვრებმა თანამემამულემ, ქეთიმ გამოთქვა სურვილი, დაფა საკუთარი სახსრებით საქართველოში დაემზადებინა. მისი ტრანსპორტირება კი საქართველოში მყოფმა ახალგაზრდამ – ვაჟამ – ითავა, რომელმაც მანქანით მგზავრობისას დაფა თან გამოიყოლა და ვენამდე ჩამოგვიტანა.
ვენაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები იკო და ერეკლე დაგვეხმარნენ დაფის დამონტაჟებაში და 2019 წლის თებერვალში მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა იქ დაღუპული ქართველი ტყვეების მოსაგონარი მემორიალური დაფა. ღონისძიებას 60-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იქ დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის შთამომავლები.
ქართველთა მონაწილეობა დიდ გაქცევაში
ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცით ქართველი ტყვეების ბანაკში ცხოვრების შესახებ. თუმცა, ვიცით ერთი საინტერესო ამბავი.
1945 წლის 2 თებერვალს, მაუთჰაუზენის ბანაკის განთავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, საკონცენტრაციო ბანაკების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაქცევა მოეწყო: 9 გრადუსიან ყინვაში, სასიკვდილოდ განწირულმა 500-მდე საბჭოთა ჯარისკაცმა ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მათი მთავარი მიზანი იყო, ერთ მათგანს მაინც გაეღწია სამშვიდობოს და მსოფლიოსთვის მოეყოლა, თუ რა საშინელება ხდებოდა ბანაკში.
300-მდე ჯარისკაცი გაქცევიდან რამდენიმე საათში იპოვეს, მათგან 57 ცოცხლად შეიპყრეს, დანარჩენები კი დახოცეს. ნაწილი გზაში გაიყინა, გაქცევა კი სულ მცირე რვამ მოახერხა. მათ ნაწილს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ავსტრიელები იფარებდნენ და მალავდნენ, მანამ, სანამ 1945 წლის 5 მაისს ამერიკელებმა საკონცენტრაციო ბანაკი არ გაათავისუფლეს.
ავსტრიელ მკვლევარს, მათიას ქალთენბრუნერს თავის მონოგრაფიაში „გაქცევა სასიკვდილო ბლოკიდან “ (Flucht aus dem Todesblock) დეტალურად აქვს აღწერილი გაქცევის გეგმის მომზადება და მისი მიმდინარეობა. ჩვენი კვლევის მიმდინარეობისას ავტორს შევეხმიანეთ და ვუთხარით, რომ ქართველი ჯარისკაცების კვალს ვეძებდით მაუთჰაუზენში და მანაც წიგნის ონლაინვერსია გამოგვიგზავნა, სადაც ამ გაქცევაში მონაწილე რვა ქართველის სახელები და გვარები ვიპოვეთ.
გაქცევას საბოლოოდ სულ მცირე 8 ადამიანი გადაურჩა, რომლის სახელი და გვარიც ცნობილია, მათგან არცერთი არაა ქართველი, თუმცა, შანსი იმისა, რომ ჩვენთვის უცნობ გადარჩენილთა შორის რომელიმე ქართველი ჯარისკაცი ყოფილიყო, მცირე, მაგრამ მაინც არის.
ბანაკიდან გაქცეული საბჭოთა ჯარისკაცების ამბავზე მოგვიანებით, 1994 წელს ანდრეას გრუბერმა ფილმიც გადაიღო , სახელწოდებით „კურდღლებზე ნადირობა“ (Hasenjagd – Vor lauter Feigheit gibt es kein Erbarmen). სახელი სიმბოლურია, რადგან სწორედ „კურდღლებზე ნადირობა“ ერქვა 1945 წელს გაქცეულ ტყვეთა დევნის ოპერაციას. ფილმში ერთ-ერთი გადარჩენილი ჯარისკაცის როლს ქართველი მერაბ ნინიძე თამაშობს.
დღევანდელი მდგომარეობა
ამ დროისთვის, 220 ქართველი ჯარისკაციდან 30-მდე ჯარისკაცის შთამომავლები გამოგვეხმაურნენ, მათმა ნაწილმა მოგონებები მოგვწერა, გამოგვიგზავნეს ფოტოებიც … ყველა მათგანს ის აერთიანებს, რომ თავიანთ წინაპრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად თვლიდნენ. ჩვენ დღემდე ვეძებთ დანარჩენი ჯარისკაცების შთამომავლებს.
დღემდე გვაქვს ურთიერთობა მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკისა და ცენტრალური არქივის წარმომადგენლებთან. მათთვის ვთარგმნეთ რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია და ოჯახის წევრების მოგონებები, რომელთაგან ერთი, გრიგოლ ბედოშვილის შესახებ მოგონება მაუთჰაუზენის მემორიალის ყოველწლიურ კრებულში გამოქვეყნდა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ქართველი ტყვეების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
რაც დრო გადის, მით ნაკლები ადამიანი რჩება, ვინც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა და საკუთარი თვალით დანახულის და განცდილის ჩვენთვის გადმოცემა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ გორში მცხოვრები, 99 წლის სიმონ დაღელაშვილია. სამწუხაროდ, რადგან პროექტის ავტორები ავსტრიაში ვცხოვრობთ და პანდემიის გამო არსებული შეზღუდვები ხელს გვიშლის საქართველოში ჩამოსვლაში, უახლოეს მომავალში ალბათ ვერ მოვახერხებთ, ბატონ სიმონს ვესტუმროთ და პირადად მისგან მოვისმინოთ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ამბები.
ასევე, მარიკაც და მეც ველოდებით დროს, როცა სწავლის და მუშაობის პარალელურად მოვახერხებთ ამ პროექტს მივუბრუნდეთ, კიდევ უფრო მეტი რამ გამოვიკვლიოთ მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცების შესახებ და მთელი ინფორმაცია წიგნის სახით შევკრათ.
* – „ქართველი ტყვეებით“ იმ ტყვეებს მოვიაზრებთ, რომლებიც მასინ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ და ტყვეთა სიებში ასე არიან მოხსენიებულნი (განურჩევლად მათი გვარების წარმომავლობისა).
რეკომენდირებული ლიტერატურა:
- Matthias Kaltenbrunner – Flucht aus dem Todesblock;
- Erwin Gostner – 1000 Tage im KZ: Ein Erlebnisbericht aus den Konzentrationslagern Dachau, Mauthausen und Gusen;
- Hans Mar álek – Die Geschichte des Konzentrationslagers Mauthausen: Dokumentation;
- Reinhard Otto und Rolf Keller – Sowjetische Kriegsgefangene im System der Konzentrationslager;