სასამართლომ გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი რურუა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5%-ს ფლობს. შესაბამისი ცვლილება რეესტრში 24 სექტემბერს აისახა. რურუამ წილი არხის 49%-იანი წილის მფლობელისგან 2 500 ლარად, 250 000 აშშ დოლარის ინვესტირების პირობით შეიძინა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის არსებითად განხილვისას, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რურუას მხრიდან მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა“.

გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა, დაცვის მხარე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგანაც იგი „პოლიტიკური მითითებების შემსრულებელია“. საძაგლიშვილის თქმით, ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ გვაქვს ნდობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ იქაც ბიძინა ივანიშვილის მითითებების შემსრულებელი მოსამართლეები შეგვხვდებიან, დაცვის მხარის მოვალეობაა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მიკერძოებული და მონა მოსამართლეები განიხილავენ გიორგი რურუას საქმეს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორებს დღეს მედიასთან დამატებით აღარ უსაუბრიათ.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა.

რურუას მომხრეები მისი დაკავების მიზეზად „მთავარ არხთან“ მის კავშირსა და თბილისში, გასულ წელს მიმდინარე ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების ფინანსურ მხარდაჭერას ასახელებდნენ.

რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც. ამასთან, ოპოზიცია აცხადებდა, რომ რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მთავრობა და ქართული ოცნება მსგავსი პირობის არსებობას დღემდე უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სანაცვლოდ, მმართველ გუნდს კონკრეტული პირების გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)