„ანაკლიის კონსორციუმი“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში იდავებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა 29 ივლისს „ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით“ საქართველოს წინააღმდეგ ცალ-ცალკე სარჩელები შეიტანეს.
კომპანიის მიერ 30 ივლისს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, აღნიშნული ორი სარჩელით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ბობ მეიერი პროექტში „მათი დარღვეული უფლებების აღდგენას“ და ამის ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.
კონსორციუმის მტკიცებით, მთავრობისა და ქართული ოცნების მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებული „როგორც ღია, ასევე ფარული კამპანიის“ მიზანი იყო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „არასდროს განხორციელებულიყო“.
- ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „სტრატეგიულ პროექტს“ უწოდებს
- ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვაზე უარს კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი ამბობს
2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებდა, რომელიც „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული „Conti International“-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანია იყო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ირგვლივ კითხვის ნიშნები 2019 წლის მიწურულს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც ამავდროულად ანაკლიის პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ, „თიბისი ბანკის“ მიერ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, „Conti International“-მა კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ხელისუფლება „უფრო სერიოზული და ფინანსურად უფრო ძლიერი“ პარტნიორის მოძიებას იწყებდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღა
- ხაზარაძე და ჯაფარიძე საელჩოებს და ივანიშვილს მიმართავენ
- „TI საქართველო“: თიბისის საქმეზე ფულის გათეთრების დასამტკიცებლად რაიმე საფუძველი არ არსებობს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)