გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკოსები აფასებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.
„სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე პოლიტიკოსების განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
გიორგი გახარია -პრემიერ-მინისტრი: „თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა უნდა მოიხადოს ეს პასუხისმგებლობა და უნდა იჯდეს, ან შემდეგ გამოვიდეს, [ამისთვის] სხვადასხვა ფორმები იურიდიული არსებობს… შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია, წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა მას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდუვალობა მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს [უწოდებს] ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულს თავი აარიდოს“.
დავით მათიკაშვილი – ქართული ოცნება: „ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგან ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლოს საქმეებში“.
ოპოზიციის შეფასება
სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში უბრალოდ სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს. ეს [დღეს] კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მძიმედ დაუჯდება. გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა. ოქტომბრის ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური ხელისუფლება [და] ჩვენ შევქმნით ისეთ პოლიტიკურ გარემოს, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იქნებიან“.
ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო: „ამას ვერ დავარქმევ სასამართლოს. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში მტკიცდებოდა, რომ გიორგი რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რომ გიორგი რურუას ცალსახად ჩაუდეს იარაღი. რისთვის უნდოდათ? ცხადია, უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის და [იმის გასაზომად] თუ როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე. არცერთ მოქალაქეს არ უნდა, სასამართლო, რომელიც [მმართველ] პოლიტიკურ გუნდს ემსახურება მონურად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)