„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ოფიციალური ყრილობა გამართა
ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს ოფიციალური ყრილობა გამართა და საარჩევნო კამპანიაც გახსნილად გამოაცხადა. ახალი პოლიტიკური ერთობა პარტიების – „ახალი საქართველოსა“ და „კანონი და სამართლის“ ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა 27 ივლისს დააფუძნეს.
30 ივლისს, ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენაზე, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, შეკრებილებს გაერთიანების ლიდერებმა მიმართეს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქვეყნის განვითარების“ მათეული გეგმა გააცნეს.
ყრილობაზე გამოსვლისას, გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნების მმართველობის 8 წელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა, რაც მისივე შეფასებით, „უმკაცრეს შეფასებასა და დაუყოვნებლივ სწრაფ ქმედებებს მოითხოვს“.
მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ გაცემული დაპირებებიდან არცერთი შეასრულა, სამაგიეროდ კი, „ხალხის გაღარიბების ხარჯზე [საკუთარი] ოცნებები აისრულა“. ვაშაძემ ისიც განმარტა, რომ ოცნება ხელისუფლებაში მოსვლას კვლავაც „ცრუ დაპირებებით, დაშინებითა და მოსყიდვით“ აპირებს.
ამის შემდეგ მან ახალი პოლიტიკური გაერთიანების მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი უპირველესი მიზანი „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მიერ შექმნილი „უმძიმესი პრობლემების გადაჭრა“ იქნება.
გიორგი ვაშაძემ ის 5 მთავარი დაპირებაც გაახმოვანა, რომლის შესრულებასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მისი მტკიცებით:
- 4 წელიწადში ქვეყანაში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი;
- 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება;
- ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში მაღალი სესხის პროცენტი სრულად ჩამოეწერება;
- 2021 წლიდან საქართველოში წამლები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება;
- 2021 წლის 1 იანვრიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც მლნ ლარზე ნაკლებია, დღგ-ისგან გათავისუფლდება.
ქართული ოცნების მმართველობის კრიტიკით დაიწყო საკუთარი სიტყვა ახალი პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმაც და თქვა, რომ „ბოლო 8 წელია, თავზე ჩამოგვემსხვრა სახელმწიფო ინსტიტუციები“.
მანვე განმარტა, რომ ახალი გაერთიანების მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოებრივად და ეკონომიკურად ძლიერი, ასევე კანონითა და სამართლით გამყარებული ქვეყნის მშენებლობა იქნება. ჩარკვიანისვე თქმით, ახალი პოლიტიკურ ცენტრი საარჩევნო ყუთებამდე იმ მოქალაქეების ხმების მიტანას ეცდება, რომლებსაც „პოლარიზებულ არჩევნებში“ მონაწილეობა აღარ სურთ.
მანვე ახალი თანამებრძოლიც შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ გიორგი ვაშაძის დარი „პრაქტიკოსი, რეფორმატორი“ საქართველოში არსად ეგულება. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ფლანგის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური გაერთიანება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ გიორგი ვაშაძეს განიხილავს.
ოქტომბრის არჩევნებზე, გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქში იყრის. თაკო ჩარკვიანი კი – საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აგრეთვე თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში გეგმავს.
საბოლოოდ, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან – სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)