საია მოქალაქის „წამების საქმეზე“ სამი პოლიციელისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) სამართალდამცველების მხრიდან 2017 წელს, მოქალაქე ირაკლი ხოფერიას „წამების“ ფაქტზე სამი პოლიციელისთვის ბრალის წარდგენას „მიესალმება“, თუმცა პროკურატურის მიერ საქმეზე კვალიფიკაციას შეცვლასა და საქმის გაჭიანურებას აკრიტიკებს.
ორგანიზაციისვე ცნობით, პროკურატურამ საქმის ძიება 2017 წლის მარტში, წამების მუხლით დაიწყო. თუმცა, 7 თვეში, იმ მოტივით, რომ პოლიციელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, ძიება შეწყვიტა. საქმის გამოძიება იმავე წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განახლდა.
საია-ს მიერ 31 ივლისს გავრცელებული განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ პოლიციელებს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, მათ 29 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ახალგაზრდა იურისტების“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხოფერიას მიმართ სამართალდამცველების მხრიდან დანაშაულის ჩადენა „არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა“, პროკურატურას პოლიციელებისთვის ბრალის წარსადგენად სამი წელი დასჭირდა.
ორგანიზაციაში, ასევე პრობლემურად მიიჩნევენ იმასაც, საგამოძიებო ორგანომ სამართალდამცველებს ბრალი შეუმსუბუქა და მათ უკვე არა წამებას, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, „რაც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს“.
„ხოფერიას საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიების პროცესში სწორი კვალიფიკაციის სისტემურ პრობლემას“, – ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
საია-ში იმასაც დასძენენ, რომ ხოფერიას მიმართ „არასათანადო მოპყრობის“ ნიშნები მეოთხე პოლიციელის მხრიდანაც გამოიკვეთა, თუმცა მისი ვინაობა პროკურატურას „ამ დრომდე არ დაუდგენია. ამასთან, ორგანიზაციისვე მტკიცებით, პოლიციელებმა და სხვა მოწმეებმა გამოძიებას ცრუ ჩვენებებიც მისცეს.
შესაბამისად, საია-ში ფიქრობენ, რომ გამოძიება მხოლოდ ამ სამი პოლიციელის მიმართ ბრალის წარდგენით არ უნდა შემოიფარგლოს და იმ პირთა პასუხისმგებლობაც, უნდა დაადგინოს, რომლებიც დანაშაულში „უშუალოდ მონაწილეობდნენ“ ან ის დაფარეს.
ირაკლი ხოფერიას უფლებებს საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც იცავს. ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ „წამების აკრძალვის“ დარღვევის დადგენას ითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)