სენატორ რიშის საპასუხოდ ზურაბიშვილი ამბობს, რომ რურუას არ შეიწყალებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა 30 ივლისს განაცხადა, რომ იგი „ძალზედ შეშფოთებულია“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ „ცრუ ბრალდებებზე“ გამოტანილი განაჩენით.
რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს უნდა იყოს გამოყენებული“.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირებისთვის, როგორც ეს ადრე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ბატონი რურუაც უნდა შეიწყალოს“,- აღნიშნა სენატორმა რიშმა.
„ძალიან მახარებს, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შევიდა და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხილვას მოველი. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე, თავისუფლად მოქმედების საშუალება ექნებათ“, – ხაზი გაუსვა სენატორმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 ივლისს განაცხადა, რომ იგი გიორგი რურუას არ შეიწყალებს. „ქართულმა საზოგადოებამ მის შესახებ ყველაფერი იცის, [ასევე] ისიც, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას“, – თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას „ვერავინ და ვერაფერი მოახდენს“.
- სასამართლომ გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
- პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)