ფილოსოფოსების თვალით: მორიდებულობა

რა არის და რა სარგებლობა მოაქვს მორიდებულობას? ამ სტატიაში ფრანგულ ცნება „pudeur“-ზეა საუბარი, რომელიც ვიწრო გაგებით სიშიშვლის დაფარვის ინსტიქტს აღწერს, ფართო გაგებით კი – კერძო, ინტიმური სფეროს უცხოთაგან დაცვას. თარგმნისას შედარებით არქაულ „კრძალვას“ („კრძალვა არს სიფრთხილე, გინა რიდება“, საბა) უფრო ხალხურად გასაგები „მორიდებულობა“ ვამჯობინეთ.

პლატონი (სავარაუდოდ 428 ჩვ.წ.აღ-მდე – 328 ჩვ.წ.აღ-ით)

მორიდებულობა პოლიტიკურ სიქველეთაგან ერთ-ერთია და სამართლიანობასთან ერთად წონასწორობის საფუძველიაო, გვასწავლის პლატონი. სწორედ კერძოს დაფარვითაა შესაძლებელი „პოლიტიკური წესრიგის დამყარება“ და სწორედ მისი გაზიარება „შესაძლებელს ხდის მეგობრობასა და ადამიანთა შორის კავშირს“. მისი ძალით ვგრძნობთ სირცხვილს, როცა უსამართლობას ჩავიდენთ, ვართ თავმდაბალნი საკუთარი თავის წინაშე და გულწრფელნი – სხვათა მიმართ.

მიშელ დე მონტენი (1533-1592)

რატომ გვრცხვენია სექსზე საუბარი? როცა გადაკვრითა და სიტყვაკაზმულობით ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე უფრო გვსიამოვნებს, ამით საუბრის საგანს უფრო ძვირფასად ვაქცევთ. „ეს ქმედება, რომელსაც მხოლოდ პარაფრაზითა და ხატოვნად თუ ვუბედავთ შეხებას“ სინამდვილეში ჩვენი საუბრის ღერძად იქცევა. მორიდებულობა დაფარული აღტაცებააო, ამბობს დე მონტენი.

იმანუელ კანტი (1724-1804)

მორიდებულობა გვაძლევს საშუალებას სხვა ადამიანი მხოლოდ სექსუალური ლტოლვის ობიექტად არ ვაქციოთ და ამიტომაც განგვასხვავებს ცხოველისაგანო, ამბობდა კანტი, თუმცაღა იგივე გრძნობა საშუალებას გვაძლევს ლტოლვა შეფარვითა და წარმოსახვის ძალით გავიღვივოთ. „ლეღვის ფოთოლმა ცივილიზაციის გავლენით უზარმაზარი პროგრესი განიცადა: კდემამოსილებით დაიწყო და სასურველის ლტოლვის სიმბოლოდ კი იქცაო“, ამბობდა კანტი. ვინ იფიქრებდა, კანტი – ეროტიზმის შესახებ მოაზროვნე?

მარკიზ დე სადი (1740-1814)

თუკი მორიდებულობა სიშიშვლის სირცხვილია, მაშინ მასში არაფერია ბუნებრივიო, ამბობდა დე სადი. განა ადამიანი შიშველი არ იბადება? „მორიდებულობა სულელური ცრურწმენაა, ბუნების მიერ აბსოლუტურად უარყოფილი“, წერდა ის. ეს გრძნობა ცივილიზაციის მიერ გრძნობების გარყვნას წარმოადგენს, მორალურობის საფარში გამოხვეული კეკლუცობაა, ამიტომაც, თავი უნდა ვარიდოთო მას.

ნორბერტ ელიასი (1897-1990)

ამ სოციოლოგის აზრით, სხეულთან დაკავშირებული მორიდების გაგება რენესანსის ეპოქაში იბადება. სწორედ ის წარმოადგენს დასავლეთის „ჩვეულებათა ცივილიზაციის“ პროცესში გადასვლის, გრძნობიერ იმპულსებზე გონის გამარჯვების ნიშანს. აქედან მოყოლებული, ყველაფერი, რაც ბიოლოგიურია კერძო სფეროში დაივანებს, ხოლო საზოგადო სფეროზე რაციონალური საწყისი გაბატონდებაო, ამბობდა მეცნიერი.

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

Via
Philosophie Magazine
Source
Pudeur