ნოე რამიშვილი ოსების მდგომარეობას გაეცნო
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 აგვისტო, N172
ოსეთის მდგომარეობა
წარსულ კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია გორსა და ცხინვალს, მას სურდა ადგილობრივ გასცნობოდა ოსეთის მცხოვრებთა მდგომარეობას და საქმის საერთო ვითარებას ჯავის ხეობაში.
დაბრუნების შემდეგ ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ იგი ადგილობრივ დარწმუნდა იმაში, რომ სამხედრო ექსპედიციის დროს ოსების მიმართ მართლა ჰქონდა ადგილი ზოგიერთ ექსცესებსო. ეხლა ეს ექსცესები აღარ არსებობს და ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა შინაგან საქმეთა მინისტრმა მილიციასა და გვარდიას მისცა ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ეჭიროთ მათ თავი მომავალში ოსების მიმართ. თუ ისინი არა სათანადოდ მოიქცევიან, იმ შემთხვევაში მათ კანონიერ პასუხისგებაში მისცემენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამასთანავე განაცხადა, რომ ჯავის ხეობის აჯანყებულებმა დასტოვეს საქართველო და ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდენო. მათ დანარჩენი ნაწილი იქითვე საჩქაროდ ახდენენ ევაკუაციასო. განთავისუფლებულ მიწებს იჭერენ რაჭის, დუშეთის და ოზურგეთის მაზრიდან გადმოსახლებულიო.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არისო.