ევროპულმა საქართველომ რეგიონების ნაწილში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია ევროპულმა საქართველომ 3 აგვისტოს 22 რეგიონული მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში საკუთარი კანდიდატები წარადგინა.
ევროპული საქართველოს სახელით რეგიონებში მაჟორიტარობისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:
- დეპუტატი გიგა ბოკერია – ფოთი, ხობი და სენაკში;
- დეპუტატი გიგი უგულავა – ზუგდიდი;
- დეპუტატი გიგი წერეთელი – ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი;
- ტარიელ ნაკაიძე – შუახევი ხულო, ხელვაჩაური;
- დეპუტატი ირმა ნადირაშვილი – რუსთავი;
- დეპუტატი ოთარ კახიძე – ქუთაისი;
- დეპუტატი სერგო რატიანი – საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული;
- დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი;
- გიორგი ღვინიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი;
- დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
- აჰმედ იმამყულიევი – მარნეული, გარდაბანი;
- არსენ კარაპეტიანი – ახალქალაქი, ნინოწმინდა;
- დეპუტატი ლელა ქებურია – წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა;
- დეპუტატი აკაკი ბობოხიძე სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი.
ასევე, უკვე ცნობილია, რომ ევროპული საქართველოს სახელით ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ელენე ხოშტარია, მთაწმინდა-კრწანისის ოლქში კი – შალვა შავგულიძე იბრძოლებენ.
ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, საკუთარი კანდიდატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც დაასახელა. კერძოდ, ბათუმში ევროპული საქართველოს სიით კენჭს ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში თემურ კახიძე იყრის.
ევროპული საქართველოს სარჩევნო შტაბს დეპუტატი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა და თქვა, რომ ევროპული სქართველო „უკვე ოფიციალურად შედის საარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში“.
ბაქრაძემ ქვეყანაში არსებული ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო ქართული ოცნება გააკრიტიკა და თქვა, რომ „დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა“ და მას „მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ ესმის და არ აწუხებს ხალხის გაჭირვება“.
მანვე პარტიის მთავარ დაპირებად „კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთისკენ ინტეგრაცია“ დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „საქართველო იყოს მდიდარი, როგორც ევროპა და დაცული, როგორც ნატო“.
დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რაც მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარების მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ესენია: გადასახადების შემცირება; სასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და ტყეების „პირდაპირ და უსასყიდლოდ“ ქართველი ხალხისთვის დაბრუნება; სახელმწიფო საწარმოებში საქართველოს მოქალაქეების დარეგისტრირება და მოგების მათზე გადანაწილება; კრიმინალის დამარცხება და თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა.
მანვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის კოალიციური ერთობის გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ რეგიონების დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატზე შესათანხმებლად პარტია მოლაპარაკებისთვის სივრცეს ტოვებს.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ახლადდანიშნული ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის თქმით, პარტიის საარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა ქვეყნის ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.
„ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური, ინოვაციებით აღსავსე, მებრძოლი საარჩევნო კამპანია და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს კამპანია დასრულდება წარმატებით, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და დასრულდება დიდი მარცხით ბიძინა ივანიშვილისთვის“, – უთხრა მან შეკრებილებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)