ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტს დროებით ხსნის

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი „აფხაზური პასპორტის“ მქონე პირებისა და ოკუპირებული რეგიონის სხვა მკვიდრთათვის უკან დასაბრუნებლად, 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტს ხსნის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნების მსურველები გამშვებ პუნქტზე სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან.

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის გამშვები პუნქტი პირველად 27 თებერვალს ჩაკეტა. 14 მარტს სოხუმმა გამშვები პუნქტის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა.

ამის შემდეგ, სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი ე.წ. ჰუმანიტარული მიზნით სამჯერ დროებით გახსნა.

პირველად გამშვები პუნქტი 26-31 მაისს გაიხსნა და ოკუპირებულ რეგიონში 532 პირი დაბრუნდა. მეორედ, 22-24 ივნისს, ოკუპირებულ აფხაზეთში დასაბრუნებლად ენგური 1 111-მა ადამინმა გადაკვეთა. მესამე ჯერზე, 13-17 ივლისს კი – ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან 1 269 ადამიანი გადავიდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 7 აპრილს გამოვლინდა. მანამდე, 30 მარტს, ვირუსი გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის საავადმყოფოში დაუდგინდა.

მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის სულ 109 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 37 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში, მხოლოდ 21 ივლისის შემდეგ, კორონავირუსის 70-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)