აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის აქტს საქართველოზე მორიგი ჩანაწერი მიამატა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამასწინ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს საქართველოზე კიდევ ერთი ჩანაწერი მიამატა. ახლადმიმატებული 1299c სექციის – ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერის შესახებ – თანახმად, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ და რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს ქვეყანაში დემოკრატიის განსამტკიცებლად.
ახლადმიმატებული ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფო მდივნის ხსენებული ანგარიშში გაანალიზებული უნდა იყოს, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამასთან, ანგარიშში გაანალიზებული უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა:
- „ატარებს თუ არა საარჩევნო რეფორმას ეფექტურად;
- პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც მოიცავს დამოუკიდებლობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოებისაგან;
- ატარებს თუ არა საჭირო პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციისადმი შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად;
- იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას“.
ჩანაწერში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საარჩევნო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა; ამერიკა საქართველოს უნდა დაეხმაროს, რათა ამ უკანასკნელმა განაგრძოს ძალისხმევა, რომ მისი კერძო სექტორი პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების დაცვის გზით.
ამასთან, ახალი ჩანაწერის მიხედვით, აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რათა ამ თანამშრომლობამ მოიცვას ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობა, ომის წესების ერთგულება და თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ ქვედა პალატამ 24 ივლისს მიღებულ ასიგნებების აქტშიც შეიტანა ჩანაწერი და მოხთხოვა სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ მსგავსი ანგარიში მოამზადოს. გარდა ამისა, ასიგნებების აქტით საქართველოს მთავრობისათვის გათვალისწინებული 15%-ის გამოყოფა ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
წაიკითხეთ ასევე:
- აშშ საქართველოს მთავრობას დახმარების 15%-ს დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოუყოფს
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განმარტება საქართველოს დახმარების შესახებ
- საქართველო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების 2021 ფისკალური წლის კანონპროექტში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)