გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა აგვისტოს ომის 12 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრები – ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ასევე ირლანდია და ნორვეგია – საქართველოს მხარდამჭერი საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ. 8 ქვეყანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
დოკუმენტის თანახმად, „რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობა არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის მის სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“,
„ჩვენ გვახსოვს [ამ ომში] დაღუპულნი, ისინიც, რომელთაც თავიანთი სახლები დაკარგეს; დასანანია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ, კონფლიქტის მოგვარების გზაზე მცირე პროგრესია მიღწეული“, – ნათქვამია გაეროში რვა ქვეყნის წარმომადგენელთა საერთო განცხადებაში.
საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტში მათ რუსეთს 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაც შეახსენეს და დასძინეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალთა ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „კიდევ უფრო ჰყოფს [იქაურ] თემებს (საზოგადოებებს) და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.”
გაეროს უშიშიროების საბჭოს მოქმედმა და მომავალმა წევრებმა განცხადებაში ისიც აღნიშნეს, რომ ძლიერ შეშფოთებულნი არიან გასული წლის განმავლობაში, მათ შორის, კოვიდის პანდემიის პერიოდში „ბორდერიზაციის პროცესის“ გააქტიურებით.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისედაც გამოწვევების მომტან პერიოდში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებებმა კვლავაც განაგრძეს ადმინისტრაციულ საზღვრების გასწვრივ თვითნებური დაკავებების პრაქტიკა“. განცხადებაში ასევე წერია, რომ ოკუპირებული ცხინვალის ხელმძღვანელობამ „მრავალგზის თქვა უარი ადგილობრივების [თბილისში] სასწრაფო ევაკუაციაზე და ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე”.
- ცხინვალის თქმით, დაკავებულ ქართველს ღამურების შეგროვება სურდა
- ბრიტანეთის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის გაზრდილ ჩარევაზე საუბრობს
- უსაფრთხოების სამსახური: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და დააკავეს
გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედმა და მომავალმა წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს „პანდემიისა და ჯანდაცვის საკითხებზე რუსეთის მიერ მოწყობილ დეზინფორმაციის კამპანიაზე, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ სიცრუეზე აგებულ პროპაგანდაზე“.
განცხადების მიხედვით, „კონფლიქტის გახანგრძლივებისაკენ მიმართული აღნიშნული მოქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის მოქალაქეებს, ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით; ისინი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე და იწვევს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას“.
რვა ქვეყანამ კვლავაც გამოუცხადა მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირებს და ხაზი გაუსვა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, თავიანთ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების მნიშვნელობას.
ჯგუფმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის მონდომების ნაკლებობის გამო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით შერიგების გზაზე პროგრესი ვერ იქნა მიღწეული და თავდაპირველი იმედები ვერ გამართლდა.
„ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააორმაგონ ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში“, – ნათქვამია განცხადების ბოლოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)