ბათუმის ოლქში ფართომასშტაბიანი რეფორმები იწყება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 8 აგვისტო, N177
ბათომის ოლქის მდგომარეობა
ბათომიდან ჩამოსულმა ბათომის ოლქის საგანგებო კომისარმა ბენია ჩხიკვიშვილმა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელს შემდეგი გადასცა: ჩემი ჩამოსვლის მიზანია ბათომის ოლქის მართვა-გამგეობის შესახებ მთავრობისათვის მოხსენების გაკეთება. თავის მოხსენებაში ჩხიკვიშვილი ეხება ბათომის ოლქის ავტონომიურად მართველობის საკითხს. აღნიშნავს ოლქის რამდენიმე ჩამორჩენას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დიდი ენერგიაა საჭირო, რათა ბათომის ოლქში განხორციელდეს საქართველოში განხორციელებული სოციალური ხასიათის რეფორმებიო.
პირველი საზრუნავი საგანია აჭარის ბანდებისაგან გაწმენდაო. მნიშვნელოვანი საკითხია აგრარული საკითხიც. ყველა თანახმაა, რომ სახაზინო და ძვირფასი კულტურული მამულები ნორმის ზევით გადაირიცხოს სახელმწიფო ფონდში.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, საჭიროა უპირველეს ყოვლისა სასულიერო წოდების სათავეში დარჩეს შეიხ ულ-ისლამი, რომლის პოლიტიკური უფლებაც უნდა გარკვეულ იქმნას კონსტიტუციით.
სასამართლო ისეთი უნდა არსებობდეს, როგორსაც მიეჩვია ხალხი. ყადის თანამდებობა უნდა იყვეს არჩევითი.
სერიოზული ყურადღება უნდა მეიქცეს განათლების საქმეს, რადგანაც ეს საქმე დღეს სრულებითაც არაა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. სექტემბრიდან ჩენ უნდა დავიწყოთ ფართო ხასიათის სასკოლო აღმშენებლობა.
ასეთი რეფორმების განხორციელებით ჩვენ უეჭველია ოლქის აყვავებას ხელს შევუწყობთ.