ევროპარლამენტარები აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანებიან
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა და საქართველოს შესახებ მომხსენებელმა სვენ მიკსერმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 12 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ეროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიების 1/5 კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასი-ათასობით ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას კვლავაც ვერ ახერხებს.
„საქართველო რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის ჰიბრიდული ქმედებების სამიზნედ რჩება, როგორებიცაა – დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები“, – დასძინეს ევროპელმა კანონმდებლებმა.
„ამგვარმა შოკისმომგვრელმა მოვლენებმა მხოლოდ გააძლიერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის გამბედაობა. საქართველომ მტკიცედ წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც სანდო პარტნიორმა და მოკავშირემ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“, – თქვეს ევროპარლამენტარებმა.
ისეთ ხელშესახებ სარგებელსა და შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილებისას, როგორებიცაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ევროპარლამენტარებმა თქვეს: „სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრები დანარჩენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისგან სარგებელს ვერ იღებენ, რადგანაც ორივე რეგიონი კვლავაც იმკის რუსული ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს“.
ევროპელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მათი „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ამ კონტექსტში ევროპარლამენტარებმა 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაღებული ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„რამდენადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე დე ფაქტო კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, მან მისი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებელი დაშვების შესაძლებლობა მისცეს, ასევე უნდა შეწყვიტოს ინტენსიური ბორდერიზაციის პროცესი და აღკვეთოს ამ რეგიონებში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევის ფაქტები“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.
მათვე დასძინეს, რომ „რუსეთმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ მიწებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩამდენ პირებთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უნდა უზრუნველყოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)