1920: მედიკოსები ხალხს ქოლერისგან თავდაცვის ზომებზე მიმართავენ

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 12 აგვისტო, N181

მოქალაქენო!

ქალაქში ხოლერამ იჩინა თავი. სამი გახდა ავათ; ორი მათგანი გარდაიცვალა; სამივე ადგილობრივნი არიან, – სხვადასხვა უბნის მცხოვრებნი. ეს უკანასკნელი გარემოება, არსებული ცხელი ამინდები და ქალაქის ანტისანიტარული მდგომარეობა კარგს არას გვიქადის, შესაძლებელია ხოლერამ ფართო ხასიათი მიიღოს, ამიტომ ყოველ მოქალაქეს მართებს დიდი ყურადღებით და გაორკეცებული ენერგიით დაიცვას სათანადო სანიტარული წესები თავიანთ საცხოვრებელ ბინაზედ. ეს მოვალეობაცაა და ამავე დროს ერთად ერთი საშუალებაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავი დაიცვას ამ საშინელი სენისგან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ხოლერისაგან თავის დაცვა არც ისე ძნელია, ხოლო ავათ თუ გახდი – გადარჩენა მეტად საეჭვო.

უდაოა, რომ ხოლერით ავათ გახდება ადამიანი მხოლოდ მაშინ, თუ მას საჭმელთან და სასმელთან ერთად ჩაყვება ხოლერის გამჩენი სნება. ეს კი შეიძლება მოხდეს, თუ კი ხოლერით ავათ მყოფის მოვლის დროს გასვრილი ხელით ან გასვრილ ჭურჭელზედ მიიღეთ საჭმელი ან სასმელი; ან დალიეთ წყალი, რომელშიაც ხოლერის სნება უკვე იმყოფება; ან ხოლერიანი ავათმყოფის განავლით ან პირიდან ნაღებით გასვრილი ბუზების მიერ დასვრილი საჭმელი მიიღეთ.

მაშასადამე, ზომებიც ამისა და გვარად უნდა იქმნეს მიღებული:

ა) ხოლერით ავათმყოფთან ნუ მიხვდათ; თუ აუცილებლად მოგიხდება მასთან ყოფნა, ეცადეთ არ გაისვაროთ. უკიდურესი სისუფთავე დაიცავით.

ბ) ბინაზედ და ეზოში დაიცავით სისუფთავე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხსალაგებს, ნამეტურ ახდილ ფეხსალაგებს, ეს უკანასკნელი უნდა იქნეს მოყრილი კირით დღეში რამდენჯერმე.

გ) უმი წყალი არ უნდა დალიოთ; მხოლოდ მოხარშული წყალი კარგად უნდა შეინახოთ. ყოველ დღე ახლად მოხარშული წყალი უნდა იხმაროთ.

დ) დაიცავით ყოველგვარი სასმელ-საჭმელი და ჭურჭლეულობა ბუზებისაგან.

ე) ნუ შეჭამთ ხილს. ხილი ყველაზე უფრო ადვილათ ისვრება ბუზებისაგან და გასუფთავება მისი ერთობ ძნელია.

გარდა ამ ზომებისა, არის კიდევ ერთი უებარი საშუალება, რომელიც დაგიცავს ხოლერისაგან. ეს არის ხოლერის აცრა. ვინც აიცრის ხოლერას, იგი უზრუნველყოფილია ხოლერისაგან ექვსი თვის განმავლობაში. ამ აცრას მზგავსათ ყვავილის აცრისა, არ მოაქვს არავითარი ზიანი-ვნება.

მოქალაქენო, მიიღეთ ზემო დასახელებული ზომები და აგრეთვე აიცარით ხოლერა.

ხოლერის აცრა სწარმოებს უფასოდ ქალაქის ცენტრალურ სამკურნალოში (პუშკინის ქუჩა, სალდათის ბაზარზედ) დილის 9 საათიდან 12 საათამდე.

მედიკო-სანიტარული ინსპექტორი

კაპიტონ მეუნარგია