პარტიამ ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ ლელო საქართველოსთვის, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩამოაყალიბეს, 12 აგვისტოს ერთმანდატიან ოლქებში 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ლელოს სახელით თბილისის ოლქებში კენჭს იყრიან:
- საბა ბუაძე – მთაწმინდა-კრწანისი;
- დეპუტატი ლევან კობერიძე – ვაკე;
- ბადრი ჯაფარიძე – საბურთალო;
- ლევან სამუშია – დიდუბე-ჩუღურეთი;
- ფიქრია ჩიხრაძე – სამგორი;
- გიგლა მიქაუტაძე – გლდანი;
- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევი;
- ლანა გალდავა – ისანი.
დასავლეთ საქართველოს ოლქებში:
- ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისი;
- თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბო, ხონი და ვანი;
- ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული და ბაღდათი;
- ანი მიროტაძე – ჭიათურა, საჩხერე და ხარაგაული;
- ირაკლი კუპრაძე – ბათუმი;
- პაატა ცივაძე – ქობულეთი;
- ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;
- გიორგი სიორიძე – ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური;
- ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდი;
- გიორგი ბარამია – ფოთი და სენაკი;
- სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაური, ონი, ლეჩხუმი, ლენტეხი და მესტია.
აღმოსავლეთ საქართველოს ოლქებში:
- კახა კოჟორიძე – ხაშური და ქარელი;
- პაპუნა კობერიძე – გორი და კასპი;
- სოსო ვახტანგაშვილი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი;
- გრიგოლ გეგელია – რუსთავი და გარდაბანი;
- მურად მურადოვი – მარნეული და გარდაბანი;
- ეკა ქვლივიძე – გურჯაანი, საგარეჯო და დედოფლისწყარო.
ლელომ შემდეგ ხუთ ერთმანდატიან ოლქში მჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა:
- ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;
- ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი და ასპინძა;
- ახალქალაქი და ნინოწმინდა;
- თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;
- წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა.
ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანაში „გამეფებული კორუფციისა და ნეპოტიზმის“, ასევე არსებული უსამართლობის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „სისტემა გაიხრწნა და დალპა“. მანვე
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ლელო არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ცივი გონებით და კონკრეტული პროგრამით“ იწყებს „გამარჯვებისკენ სვლას“. მისივე თქმით, ლელო შეძლებს „ყველას გაერთიანებას და ძლიერი სახელმწიფოს აშენებას“, ასევე „ორპოლუსიანობის“ დამარცხებას, ძველი სისტემის დანგრევას და „სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობის“ შექმნას.
„ლელო არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი-ათასობით სამუშაო ადგილს და ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შემქნის ძლიერ საშუალო ფენას , შემოიტანს საქართველოში მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს, გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მანვე განათლებისა და ჯანდაცვის, ასევე მართლმსაჯულების „მახინჯი“ სისტემის რეფორმირების პირობაც დადო და ხაზი გაუსვა, რომ ლელო „დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას საქართველოში“.
„[ლელო]ააშენებს ანაკლიის პორტსა და ქალაქ ანაკლიას და ქვეყანას აქცევს ლოჯისტიკურ სატრანსპორტო ჰაბად, ეკონომიკურ, ფინანსურ, კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად… ჩვენ ვაქცევთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად რეგიონში“, – დასძინა ხაზარაძემ.
ქვეყანაში არსებულ ნეპოტიზმსა და ეკონომიკურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება ლელოს კიდევ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს „კრიზისიდან გამოყვანისა“ და „კეთილდღეობის შექმნის“ პირობა დადო.
„ლელო საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ააშენებს ახალ საქართველოს, სადაც დაუშვებელი იქნება სიყალბე [და] დაცული იქნება ადამიანის ღირსება“, – თქვა ჯაფარიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ოქტომბერში „ჩვენი ევროპული არჩევანი საბოლოოდ უნდა გავამყაროთ“.
„ნათლად დავანახოთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფლების მოყვარული, შრომისმოყვარე ევროპელი ადამიანები“, – მიმართა მან შეკრებილებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)