სამხედრო მფრინავთა ჯგუფის მეთაური მაიორი მაყაშვილი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 აგვისტო, N182
მფრინავი მაყაშვილის დაღუპვა
ჯარის საინჟინრო და სატეხნიკო განყოფილების უფროსმა გენერალმა თაყაიშვილმა აცნობა სამხედრო მინისტრს სამხედრო მფრინავი მაყაშვილის დაღუპვის შესახებ: აგვისტოს 11 დაახლოებით საღამოს 7 საათზე აეროდრომზე სანიმუშო ფრენის დროს დაიღუპა საავიაციო როტის უფროსის თანამდებობის დროებითი აღმსრულებელი სამხედრო მფრინავი მაყაშვილი. სამხედრო სამინისტრომ აღძრა საკითხი მფრინავ მაყაშვილის სახელმწიფო ხარჯზე დასაფლავების შესახებ.
საავიაციო როტამ შემდეგი დაწვრილებითი ცნობები მიაწოდა მფრინავ მაყაშვილის დაღუპვის შესახებ: მაიორი მაყაშვილი აგვისტოს 11-ს დაახლოებით 7 საათზე მატორის გასაშინჯავად გამოფრინდა „სოპეიჩვემელი“-ს სისტემის ინგლისურ გამანადგურებელზე. იგი აფრინდა ჰაეროდრომზე და სადგურ ნავთლუღის თავზე ნაკვეთის გაკეთების დროს დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან ძირს ჩამოვარდა, წყოსის წინა ნაწილით მიწას დაეჯახა და დაიმსხვრა.
როგორც ჩანს განსვენებულმა ყოველი ღონე იხმარა წყოსის გადასარჩენად, და მას თავი შესწირა. თავდადებული მფრინავი გამოიტანეს წყოსის ნამსხვრევებიდან; მას ორივე ფეხი და გულის ფიცარი დამტრეული ჰქონდა. ის გრძნობაზე არ მოსულა და 5 წუთის შემდეგ გარდაიცვალა ამხანაგების ხელში.
მაყაშვილს დღეს დაასაფლავებენ. წესს აუგებენ სამხედრო ტაძარში დილის 10 საათზე. დასაფლავებაში მონაწილეობას მიიღებს ჯარი. ტაძრიდან გამოასვენებენ დღის 12 საათზე, დაკრძალავენ დიდუბის სასაფლაოზე.