IRI-ის კვლევა: საზოგადოება მთავრობის კოვიდ-19-ზე რეაგირებით კმაყოფილია, თუმცა ეკონომიკა აშფოთებს
„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 12 აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს, მოსახლეობა კოვიდ-19-ზე ხელისუფლების რეაგირებით კმაყოფილია (41% ძალიან კმაყოფილია; 38% – გარკვეულწილად კმაყოფილი, 13% – გარკვეულწილად უკმაყოფილო, ხოლო 7% – ძალიან უკმაყოფილო), თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ.
პანდემია და მისი ეკონომიკური ზემოქმედება
კორონავირუსის შედეგად ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის შეფასებისას, რესპონდენტების მეოთხედმა განაცხადა, რომ „ბევრად გაუარესდა“; 42% აღნიშნავს, რომ „გარკვეულწილად გაუარესდა“; 29%-ისთვის მდგომარეობა უცვლელი დარჩა, ხოლო 3%-ისთვის გაუმჯობესდა.
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, რესპონდენტების 40% აცხადებს, რომ ის ბევრად გაუარესდა; 42% მიიჩნევს, რომ ის გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 15%-ის აზრით, ის უცვლელი დარჩა.
რესპონდენტების 22% ამბობს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად ძალიან ცუდია; 43%-ის თქმით, ის გარკვეულწილად ცუდია; 32% აცხადებს, რომ გარკვეულწილად კარგია. საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან კარგად მხოლოდ 2% აფასებს.
პანდემია და ხელისუფლების რეაგირება
კოვიდ-19-ის ეკონომიკურ შედეგებზე საპასუხოდ ხელისუფლების ძალისხმევით რესპონდენტების 19% ძალიან კმაყოფილია; 37% – გარკვეულწილად კმაყოფილია; 18% – ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 24% – გარკვეულწილად უკმაყოფილო.
რესპონდენტების 21% ძალიან კმაყოფილია მთავრობის იმ სოციალური პროგრამებით, რომლებიც კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებისკენაა მიმართული; 37% – გარკვეულწილად კმაყოფილია; 22% – გარკვეულწილად უკმაყოფილო, ხოლო 17% – ძალიან უკმაყოფილო.
პანდემიის დროს სხვადასხვა სტრუქტურის ეფექტიანობის შეფასებისას, 64%-ით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ლიდერობს. 55%-ით (ძალიან ეფექტური) მეორე ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროა, 46%-ით მესამე ადგილს კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ადმინისტრაცია იკავებს.
რესპონდენტების 37% სრულად უჭერს მხარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებას პანდემიის დროს წირვების ჩატარების თაობაზე; 32% გარკვეულწილად უჭერს მხარს; 14% და 8% აცხადებენ, რომ ისინი გარკვეულწილად ან სრულად არ ემხრობიან მას; 9%-მა არ იცის/უარი თქვა პასუხზე.
რესპონდენტების თითქმის ნახევარმა – 47%-მა – განაცხადა, რომ პანდემიის დროს საქართველოს ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა. 6%-ით მეორე ადგილზეა ჩინეთი, ხოლო მესამეზე 4%-ით – ევროკავშირი.
ეროვნული საკითხები – ეკონომიკა შეშფოთებას იწვევს
ეკონომიკური საკითხები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ძირითადი შეშფოთების საგანია. ამ კონტექსტში რესპონდენტების 46%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. შემდეგ, 17%-ით მოდის გაძვირებული ცხოვრება/მაღალი ფასები; 10%-ით სიღარიბე; 6%-ით ზოგადად ეკონომიკა; 4%-ით კორონავირუსის პანდემია, 3%-ით კი – ოკუპირებული ტერიტორიები.
რესპონდენტების 31%-ის თქმით, უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც მათი ქალაქის/სოფლის წინაშე დგას; 10%-მა გზები დაასახელა; 9%-მა ეკონომიკა; 9%-მა სასმელი წყალი; 5%-მა ეკოლოგია; 3%-მა კი – სიღარიბე.
მათი ოჯახის მთავარ პრობლემად რესპონდენტების 29% უმუშევრობას ასახელებს; 17% ეკონომიკას; 7% დაბალ ხელფასებს, ხოლო 5% კი – მაღალ ფასებს.
რესპონდენტების 9% აცხადებს, რომ ეკონომიკური განვითარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების უდიდესი გამოწვევაა. შემდეგ მოდის უმუშევრობა – 6%; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – 5%; პრობლემები განათლების სფეროში – 5%; სიტყვის თავისუფლება – 5%. 41%-მა კი – არ იცის/უარი თქვა პასუხზე.
ადგილობრივი თვითმმართველობა
კვლევა ასევე მიმოიხილავს საზოგადოების დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ.
რესპონდენტების 13% სავსებით კმაყოფილია ადგილობრივი საკრებულოს საქმიანობით; 44% გარკვეულწილად კმაყოფილია; 20% – გარკვეულწილად უკმაყოფილოა; 16% – სრულიად უკმაყოფილოა.
მერიების საქმიანობის მიმართ მაჩვენებლები ანალოგიურია. რესპონდენტების 14% აცხადებს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან; 44% – გარკვეულწილად კმაყოფილია; 22% – გარკვეულწილად უკმაყოფილოა, ხოლო 14% – სრულიად უკმაყოფილოა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისელი რესპონდენტების 29%-მა გარემო და დაბინძურება მთავარ პრობლემად დაასახელა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მოაგვაროს. თბილისელების 17% უკანონო მშენებლობებს მეორე აქტუალურ საკითხად ასახელებს. შემდეგ მოდის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 15% თითოეული; საცობები – 14% და უმუშევრობა – 9%.
მედია და ინფორმაციის წყაროები
კითხვაზე, თუ რომელი ტელეკომპანიის მიერ გაშუქებულ სიახლეებს/პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან ისინი ყველაზე მეტად, რესპონდენტების 40%-მა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა; 16% – „მთავარი არხი“; 14% – „რუსთავი 2“; 8% – „ტელეკომპანია პირველი“ (რესპონდენტებს ორი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ).
რესპონდენტების 85% საერთაშორისო ამბების გასაცნობად ქართულ ტელევიზიას იყენებს; 33% – სოციალურ მედიას; 10% – ქართულ ვებგვერდებს; ხოლო რუსული ტელეკომპანიები და ქართული ბეჭდური მედია, თითოეული, რესპონდენტების 4% დაასახელა (რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ).
გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ქართულ მედიაში თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა; 50% აცხადებს. რომ მედია გარკვეულწილად თავისუფლად გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს; 16% ფიქრობს, რომ ქართული მედია არ არის საკმარისად თავისუფალი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აჩვენოს, ხოლო 7% ამბობს, რომ ქართული მედია ამ კუთხით საერთოდ არ არის თავისუფალი.
რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენებას, რესპონდენტების 62% ყოველდღიურად შედის ინტერნეტში, ხოლო 25% – არასდროს.
კითხვაზე, თუ რომელ მედიაგვერდებს იყენებენ ისინი ყველაზე ხშირად, ინტერნეტის მომხმარებელთა 94%-მა „ფეისბუქი“ მიუთითა; 22% – ინსტაგრამი; 5% – Twitter-ი (რესპონდენტებს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)