ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე

საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი.

ომბუდსმენის აპარატის 13 აგვისტოს განცხადებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის მოქალაქის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შუამდგომლობა 2020 წლის 30 იანვარს მიიღო. რუსეთის მთავარი საგამოძიებო უწყება მას კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.

სახალხო დამცველის ცნობით, ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობდა და „უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში აქტიურ როლს ასრულებდა“.

ამავე ინფორმაციით, იგი „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრიცაა.

რუსულ პენიტენციურ სისტემაში პროუკრაინული განწყობების მქონე პირების მიმართ სასტიკი მოპყრობის „არაერთი მაგალითის“ გათვალისწინებით, სახალხო დამცველი „საფუძვლიან ვარაუდს“ გამოთქვამს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ვადიმ ალტმანი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდება.

შესაბამისად, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის მოქალაქის რუსეთში ექსტრადირებისთვის საჭირო თანხმობის მოსაპოვებლად სასამართლოს არ უნდა მიმართოს.

სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)