„სამართლიანი არჩევნები“ Facebook-ზე პატრიოტთა ალიანსის სასარგებლო კამპანიაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ამჯერად უკვე „პრორუსული“ პარტია პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მიმართულ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიაზე საუბრობს.
ორგანიზაციის მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამ კამპანიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის დეპუტატის, ირმა ინაშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „ობიექტივის“ Facebook-ის გვერდის გარდა, ონლაინ გამოცემა tinp.ge და მასთან დაკავშირებული ჯგუფებიც ეწევიან.
დოკუმენტის მიხედვით, პარტიასთან Facebook-ის 10 „კოორდინირებული დისკრედიტაციული“ გვერდიც არის დაკავშირებული, რომელთა პოსტებსაც „არანაკლებ 12 რეალური და არაავთენტური ანგარიში ერთმანეთის მონაცვლეობით ავრცელებს“, უშუალოდ გვერდებს კი – „ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით ცნობილი აქტივისტი“ ბაკურ სვანიძე მართავს.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მათი მხრიდან ამგვარი მოქმედება „გარკვეული გრაფიკით მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებს“ და აჩენს განცდას, რომ „აღნიშნული ანგარიშებისთვის სვანიძის გვერდების კონტენტის გავრცელება მათი სამსახურეობრივი მოვალეობაა“.
ანგარიშის მიხედვით, სვანიძის გვერდების მთავარი „ძალისხმევა სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული“ და ნაკლებად – თავად ალიანსის პოზიტიურად წარმოსაჩენად. ამასთან, ამავე გვერდებზე ვხვდებით მმართველი პარტიის „მადისკრედიტებელ“ მასალებსაც.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებამ აჩვენა, რომ პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ პარტიული ონლაინგამოცემა – „Tinp.ge – დღეს პოლიტიკაში“-ც მოქმედებს, რომელიც თავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებად წარმოაჩენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, Tinp.ge-ზე განთავსებული მასალებს ხშირად პარტიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც შეხვდებით.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, სააგენტოს მასალების გავრცელების მიზნით, Facebook-ზე მოქმედებს ჯგუფები – „Today in politics – დღეს პოლიტიკაში“ და „დღეს პოლიტიკაში“, რომელთაც ადმინისტრირებას სააგენტოს პროდიუსერ ომარ მძევაშვილთან ერთად, მედიაკავშირ „ობიექტივის“ მთავარი პროდიუსერი ილია ჩაჩიბაიაც უწევს.
ანგარიშში ასევე საუბარია Facebook-ზე მარტის ბოლოდან მოქმედ გვერდზეც – „Akhalkalaki News“ – რომელიც ტელეკომპანია „ობიექტივის” სიუჟეტებს იყენებს, ქართული ოცნების ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის საწინააღმდეგო კამპანიას და პატრიოტთა ალიანსის წევრ სამველ პეტროსიანის სასარგებლო აგიტაციას ემსახურება.
ორგანიზაციისვე ცნობით, Facebook-ზე იმავე სახელწოდების 1 267 წევრიანი ჯგუფიც არსებობს, რომლის მიზანი „Akhalkalaki News“-ის გვერდზე განთავსებული მასალების გაზიარებაა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანი არჩევნები“ Facabook-ის „წმენდას“ გადარჩენილ „ცრუ მედიის“ ახალ ქსელზე საუბრობს
- „სამართლიანი არჩევნები“: „News-Front”-ის ანგარიშებს წინათ ცესკოსა და საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ იყენებდნენ
- „სამართლიანი არჩევნები“: Facebook-მა წაშალა საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი კრემლისტური გვერდი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)