პროკურატურამ აშშ-ის მოქალაქისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის „თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე“ ნიგერიის ფედერაციის სამი მოქალაქე დააკავა.
პროკურატურის 17 აგვისტოს განცხადებით, ნიგერიის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში მომხმარებლის გვერდი გამოგონილი პირის, ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკის სახელით დაარეგისტრირეს და ამერიკის მოქალაქეს ამ გზით დაუკავშირდნენ.
უწყებისვე ცნობით, მათ დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ამ უკანასკნელს საქართველოში ხიდების მშენებლობისთვის 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა მოგებული და უახლოეს მომავალში მასთან აშშ-ში გამგზავრებასა და ოჯახის შექმნას აპირებდა.
პროკურატურისვე განცხადებით, მოგვიანებით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ დაზარალებულ ამერიკის მოქალაქეს ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბალაკს, რომელიც ვითომდა ავარიაში მოყვა, მკურნალობის ხარჯების დასაფარად საქართველოში თანხის გაგზავნა ესაჭიროებოდა.
ამავე ინფორმაციით, დაზარალებულმა ბრალდებულების საბანკო ანგარიშზე ჯამში 233 250 აშშ დოლარი გადმორიცხა, რომლის ლეგალიზაციის მიზნით, დაკავებულებმა თანხის ნაწილი – 86 800 აშშ დოლარი „მრავალჯერადი ტრანზაქციებით“ ნიგერიასა და თურქეთში მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.
თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ 14 აგვისტოს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)