რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო შეიქმნა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 აგვისტო, N191
უმაღლესი ეკონომიური საბჭო
თანახმად დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დადგენილებისა უმაღლეს ეკონომიურ საბჭოს დაარსების შესახებ საბჭოს მოქმედების ძირითადი პრინციპები უკვე შემუშავდა.
საბჭოს შემადგენლობაში უნდა შევიდენ ყველა უწყების, საქართველოს ქალაქების, ერობების, კოოპერატივთა კავშირისა და აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
საბჭო შემდეგ სექციებად იქნება დაყოფილი: 1) სახელმწიფო მეურნეობის, 2) მუნიციპალური, 3) საერობო, 4) კოოპერატიული და 5) კერძო მეურნეობის სექცია. გარდა ამისა უნდა მოეწყოს ორი დიდი განყოფილება. სავაჭრო და სამრეწველო საბჭოს მიზანია: სახელმწიფო და იმ კერძო ხასიათის მეურნეობის ხელმძღვანელობა, რომელსაც საზოგადოებრივი ხასიათი აქვს, წარმოებათა მოქმედების გაერთიანება, ტეხნიკურ ძალთა კონცენტრაცია, ნედლი მასალის მიწოდება. საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება საგზაო აღმშენებლობას უნდა მიაქციოს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს აგრეთვე მსხვილ მეურნეობის განვითარებას და საქონლის შემოტანის და გატანის მოწესრიგებას.
უმაღლეს ეკონომიურ საბჭოს დაარსების შემდეგ არსებული სათანადო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას. მხოლოდ იმ პირობით, რომ მომავალში მათ ხელმძღვანელობას საბჭო გაუწევს. ადგილობრივად თუ საჭიროება მოითხოვს გაიხსნება სარაიონო საბჭოები, რომელთაც მიზანი იქნება სახელმწიფო და საზოგადო მეურნეობის ხელმძღვანელობის გაწევა და საქონლის განაწილება.