საქსტატი: 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.31 მილიარდი აშშ დოლარი იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.3%-ით მეტია.
მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებელი 1.27 მილიარდი იყო.
2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 272.1 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორმა მიიღო (2018 წელი – 274 მლნ აშშ დოლარი).
შემდეგ მოდის: ენერგეტიკა – 261.6 მლნ აშშ დოლარი (რაც წინა წელთან შედარებით ორმაგ ზრდას აღემატება); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 126.8 მლნ აშშ დოლარი (163.1 მლნ 2018 წელს); სასტუმროები და რესტორნები – 120.2 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 115.3 მლნ აშშ დოლარი (169.5 მლნ 2018 წელს); სამთომოპოვებითი მრეწველობა – 52.4 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 35.3 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 13.5 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 8.7 მლნ აშშ დოლარი (130.7 მლნ აშშ დოლარი 2018 წელს); დანარჩენი სექტორები – 304.9 მლნ აშშ დოლარი (115.9 მლნ აშშ დოლარი 2018 წელს).
გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 236.6 მლნ აშშ დოლარი და 175.3 აშშ დოლარი – ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან მოიზიდა. შემდეგ მოდის: ირლანდია – 133.2 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 111.5 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 100.4 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 76.8 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 68.8 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 54.4 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 43.7 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 39.5 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 270.4 მლნ აშშ დოლარი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4% შეადგინა (2013 წელს – 26.6%, 2015 წელს – 9.1%).
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე კვარტლის მონაცემები სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)