NDI-ი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 19 აგვისტოს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ისეთ საკითხებს ფარავს, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა.
დოკუმენტში 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ის დელეგაციის მიერ მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცესკო-ს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზია წარმოდგენილი.
არჩევნები, საარჩევნო სისტემა და პანდემია
NDI-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სანდო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა დაამტკიცა, ამ მხრივ კვლავ არსებობს საკითხები, რაც გამოწვევად რჩება და პროცესის მიმართ „საზოგადოების ნდობას აკნინებს“.
ამ კონტექსტში დოკუმენტში „სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება და საინფორმაციო გარემოს დაბინძურებაა“ დასახელებული.
დოკუმენტში პარლამენტის მიერ პროპორციულთან დაახლოებულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ რეფორმა „უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანოს შექმნას შეუწყობს ხელს“.
ანგარიშისვე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეფასებაში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან „გარკვეული საკითხები“ (საარჩევნო კომისიების მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არასაკმარისი აკრძალვა და არასათანადო აღსრულება და სხვ.) მაინც კრიტიკის საგანი გახდა.
ანგარიშში ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და შერჩევითი გამოძიებების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების დაუსჯელობის ფაქტებზე გამოხატული შეშფოთებაც არის აღნიშნული.
NDI-ი არჩევნების კონტექსტში კოვიდ-19-ის პანდემიაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ უკანასკნელს გავლენა ექნება როგორც საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებსა და საარჩევნო უბნების პროტოკოლზე, ისე ამომრჩევლის ქცევაზე.
პარტიები და საარჩევნო კამპანიის გარემო
NDI-ის განმარტებით, მიუხედავად მრავალფეროვანი პარტიული სპექტრისა, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკას კვლავ ორპოლუსიანად აღიქვამს, სადაც ერთ მხარეს მმართველი პარტია – ქართული ოცნებაა, ხოლო მეორე მხარეს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. აგრეთვე, თბილისის გარეთ მცხოვრებნი შედარებით ახალი და მცირე ზომის პარტიების შესახებ ნაკლებად არიან ინფორმირებულნი.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის რეფორმის და პოზიტიური კამპანიების წარმართვის დაპირების მიუხედავად, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ნდობის სერიოზული ნაკლებობაა და ისინი ეჭვობენ, რომ სხვები ნეგატიურ კამპანიას მაინც გამოიყენებენ. ამავე ანგარიშით, ოპოზიცია შიშობს, რომ „ხელისუფლებას რეფორმების სათანადოდ აღსრულების ნება არ გააჩნია“.
გენდერი და ნაკლებად წარმოჩენილი ჯგუფების ჩართულობა
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა (სავალდებულო კვოტირება), საარჩევნო პროცესებში ქალების, ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობების, აგრეთვე შშმ პირებისა და ლგბტქი თემის წარმომადგენლების ჩართულობა ამ დრომდე გამოწვევად რჩება და მათ მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული „სტიგმები“ კვლავ არსებობს.
ანგარიშში საარჩევნო პროცესების დროს ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ ენობრივ ბარიერზეც არის ყურადღება გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას უმცირესობების ჯგუფების ამ კუთხით დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა არ გაუწევიათ.
მედიაგარემო და საარჩევნო სივრცე
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში სიტყვის თავისუფლება უმეტესწილად დაცულია და მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, „თუკი ტრადიციულ და სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები გადაუჭრელი დარჩება, ქართველ ამომრჩევლებს, შესაძლოა, სანდო და სწორ ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდოთ“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ის მედიასაშუალებები, რომლებიც „მრავალპარტიული პერსპექტივის წარმოჩენას ცდილობენ“, გადაცემებში მმართველი პარტიის წარმომადგენელების მიწვევის თვალსაზრისით სირთულეებს აწყდებიან. დოკუმენტში მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის შექმნილ სამართლებრივ პრობლემებზეც არის საუბარი, რომლებიც „მედიის თავისუფლებაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის განცდას ქმნის“.
ამასთან, ანგარიში ყურადღებას სოციალურ მედიაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ კოორდინირებულ ქსელებზეც ამახვილებს, რომლებიც „ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების აზრით მანიპულირებას და ინფორმაციული დაბნეულობის შექმნას ცდილობდნენ“.
- „სამართლიანი არჩევნები“ Facabook-ის „წმენდას“ გადარჩენილ „ცრუ მედიის“ ახალ ქსელზე საუბრობს
- „სამართლიანი არჩევნები“: Facebook-მა წაშალა საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი კრემლისტური გვერდი
NDI-მ წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო უწყებებისთვის ჯამში 30 რეკომენდაცია შეიმუშავა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)