უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
„შეთანხმებები, რომელთაც ჩვენ მივაღწიეთ, ჩვენი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას დაეხმარება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიულ და საბრძოლო შესაძლებლობებს გაზრდის“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სტრატეგიული კომუნიკაცია, კიბერთავდაცვა, სამხედრო-ტექნიკური სფერო, სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და შეიარაღებულ ძალებში ნატოს სტანდარტების დანერგვა.
ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის რეფორმის განხორციელების პერსპექტივებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას რუსეთის აგრესიის ფონზე შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაში ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.
„უკრაინისა და საქართველოს ერთ-ერთი საერთო გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საკუთარი ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებაა“, – განაცხადა მინისტრმა ტარანმა. „ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაა“.
Glad to host my Ukrainian colleague Andrii Taran within his first official visit as a Minister of Defence to Georgia, which underlines the level of our time-proven cooperation, partnership and friendship. pic.twitter.com/sq0fKpbMkz
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 19, 2020
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, განაცხადა, რომ მინისტრებმა ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს, როგორებიცაა – შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიხმო.
საქართველოში უკრაინის ელჩმა გუშინ დაიჩივლა, რომ კიევში მისი ქართველი კოლეგის არყოფნა ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)