მმართველი გუნდი და ოპოზიცია ლავროვის ინტერვიუს ეხმიანებიან
მმართველი გუნდი და ოპოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუს გამოეხმაურნენ, სადაც მან ორმხრივ ურთიერთობებზე და ფრენების აღდგენის პერსპექტივებზე ისაუბრა, ასევე მოსკოვის მიმართ ქართული ოცნების პოლიტიკას „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
„საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ, თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს და თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აღნიშნა რა, რომ საქართველოს არჩევანი მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებაა, მანვე თქვა: „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გაიხსენა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ შეწყდა.
„ამ რეგიონებში ვითარება არის უაღრესად რთული ადამიანის უფლებების დარღვევების თვალსაზრისით. მიმდინარეობს გამალებული მილიტარიზაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის“, – განაცხადა მან.
აბაშიძის თქმით, „თუ რუსეთი დაინტერესებულია, რომ მართლაც მოხდეს სერიოზული წინსვლა და გარღვევა ამ თვალსაზრისით, სწორედ მასზეა დამოკიდებული, მან უნდა შეასრულოს ჯერ კიდევ 2008 წელს აღებული ვალდებულებები“.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების განახლებას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ფრენები თბილისის ინიციატივით არ შეჩერებულა. „ჩვენ ვიყავით და ვართ დაინტერესებულნი, რათა საავიაციო მიმოსვლა აღდგეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, – დასძინა მან.
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ „იმ გადაწყვეტილებას [ფრენების შეჩერებას] რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა, იმიტომ, რომ არც მაშინ და არც შემდგომში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებოდათ“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ლავროვის განცხადება იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება მჭიდრო ერთმანეთთან კავშირშია“.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაგებული ნორმალიზაცია რეალურად საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ხელმოწერას გულისხმობს.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობების აღდგენა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ორი ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. „ნათელია, როდესაც ლავროვი ამას ამბობს, რეალურად იმას გულისხმობს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი ვაღიაროთ და მერე, ურთიერთობების აღდგენას ხელი მოვაწეროთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)