ანქვაბი აუქმებს ბრძანებას, რომელიც აფხაზ მოსწავლეებს არააფხაზურენოვან სკოლებში სწავლას უკრძალავდა
ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი რეგიონის „განათლების მინისტრის“ ინალ გაბლიას ბრძანებას აუქმებს, რომელიც აფხაზი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არააფხაზურენოვან სკოლებში სწავლის დაწყებას უკრძალავდა.
ანქვაბმა 24 აგვისტოს სააგენტო „აფსნიპრესს“ უთხრა, რომ ბრძანება „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების“ კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
მანამდე, აფხაზური მედია „განათლების სამინისტროს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ გაბლიამ შესაბამისი ბრძანება 19 აგვისტოს გამოსცა. განათლების უწყებამ გადაწყვეტილება აფხაზური ენის ცოდნისა და სტატუსის ამაღლების, ასევე კორონავირუსის პანდემიის დროს, რუსულენოვანი სკოლების განტვირთვის მოტივით ახსნა.
პანდემიის კონტექსტში „სამინისტროს“ პრესსამსახურმა რეგიონის „მთავარი სანიტარული“ ექიმის ბრძანებაც დაიმოწმა, რომლის თანახმადაც, ერთ სივრცეში 20-ზე მეტი მოსწავლის განთავსება დაუშვებელია.
საყურადღებოა, რომ გაბლიას გადაწყვეტილება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებს არ ეხებოდათ.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, ქართულ ენაზე სწავლება სრულად აკრძალა.
სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 245 424-ია, მათი 51% კი (125 974) სწორედ ეთნიკური აფხაზია, მას 19%-ით (46 905) ქართველები (მათ შორის 3 259 მცხოვრები, რომლებიც სოხუმს „მეგრელებად“ ჰყავს ჩაწერილი), 17%-ით (41 870) სომხები, 9%-ით (22 468) კი – რუსები მოსდევენ.
1992-93 წლის ომამდე და რეგიონის ეთნიკური ქართველებისგან წმენდამდე, 1989 წელს, რეგიონის მოსახლების რაოდენობა 525 000-ს შეადგენდა და მათი უმრავლესობა – 239 872 (45,7%) ეთნიკურად ქართველები იყვნენ, მას 93 267 (17.8%) მოსახლით აფხაზები, შემდეგ კი – ეთნიკურად სომხები და რუსები მოსდევდნენ (76 541 – 14.6%; 74 913 – 14.3%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)