ბჟანიას თანაშემწე ოკუპირებულ აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს ადასტურებს
ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია სოხუმში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს ადასტურებს. საქანიას თქმით, ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტების ვიზიტს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და მისი მიზანი პოლიტიკური მოლაპარაკებები არ ყოფილა.
აფხაზური მედიის ცნობით, საქანიამ ვიზიტს „წმინდა ჰუმანიტარული“ აქცია უწოდა და თქვა, რუსეთის ფედერაციიდან მას „ძველი მეგობარი“ დაუკავშირდა და საქართველოდან აფხაზეთში, ოჩამჩირის რაინში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის ჩასატანად, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის თხოვნით, ვიზიტის ორგანიზება სთხოვა.
მანვე სტუმრებთან მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ „პილიგრიმული“ მისიის შესრულების შემდეგ პატრიოტთა ალიანსის წევრებმა რეგიონი დატოვეს.
საქანიამ ხაზი გაუსვა, რომ მან ვიზიტის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში განზრახ, იმიტომ არ ჩააყენა, რომ ღონისძიებას „რაიმე ოფიციალურ სტატუსი არ მინიჭებოდა“.
მის განცხადებაში საქართველოდან ჩასული კონკრეტული პირების ვინაობა დასახელებული არ არის.
ოკუპირებულ აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და თქვა, რომ დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს გადავიდნენ. ამავე ინფორმაციით, მათ ოკუპირებულ რეგიონში 4 საათი დაჰყვეს.
ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ქართული პოლიტიკური პარტიების და აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა „საიდუმლო შეხვედრის“ გამო შეშფოთება გამოხატეს.
აფხაზეთის ომის ვეტერანთა გავლენიანმა კავშირმა „არუაამ“ ვიზიტის შესახებ ოფიციალური განმარტებების მისაღებად აფხაზეთის „პარლამენტს“ მიმართა.
განცხადება აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმაც“ გაავრცელა და აფხაზეთის ხელმძღვანელების მხრიდან თბილისთან დიალოგის შესახებ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების ფონზე, რეგიონში პატრიოტების ვიზიტის გამო შეშფოთება გამოხატა.
მანამდე, 21 აგვისტოს განცხადებაში, ლაშა საქანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების შესახებ ცნობები ისე უარყო, რომ მას აღნიშნული „ჰუმანიტარული ვიზიტის“ შესახებ არაფერი უთქვამს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)