„TI საქართველო“: ტელეკომპანია „ობიექტივზე“ კანონთან შეუსაბამო რეკლამები კვლავ პრობლემაა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) 25 აგვისტოს განცხადებაში განმარტავს, რომ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში პარტია პატრიოტთა ალიანსის რეკლამების გაშვება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევაა.
ორგანიზაციის განმარტებით, „ობიექტივზე“ 18 აგვისტოდან პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მონაწილეობით ვიდეორგოლები გადის, რომლებშიც იგი „პარტიული სიმბოლიკისა და საარჩევნო ნომრის ფონზე“, ეკონომიკურ პროექტებზე საუბრობს და მაყურებელს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ განხორციელებას ჰპირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები, ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას, [რაც კანონით აკრძალულია]“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გამჭვირვალობის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერში უსასყიდლოდ გადის, ეს „ობიექტივის“ მხრიდან პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულება იქნება.
შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს:
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – შეისწავლონ საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ;
- ტელეკომპანია „ობიექტივსა“ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს – ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)