ოსი და აფხაზი ჯარისკაცები რუსეთში „სამხედრო თამაშებში“ მონაწილეობენ
ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის სამხედროები რუსეთში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო სამხედრო თამაშებსა“ და სამხედრო ფორუმ „არმია 2020“-ში მონაწილეობენ.
„საერთაშორისო სამხედრო თამაშები“ რუსეთის მიერ დაარსებული ყოველწლიური სამხედრო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც წელს, 23 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, უზბეკეთსა და რუსეთში ტარდება. შეჯიბრებების დიდი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელში იმართება. ფორუმი „არმია 2020“ კი – 23-29 აგვისტოს პერიოდში მოსკოვის სიახლოვეს ტარდება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ცერემონიალის გახსნაზე თქვა, რომ სამხედრო ფორუმი „შეიარაღების ყველაზე მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში“, რომელსაც წელს 90 ქვეყნის დელეგაცია ესწრება.
სერგეი შოიგუ აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრს“ შეხვდა
ოფიციალურ ღონისძიებებს მიღმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრ“ ვლადიმირ ანუასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შოიგუმ აფხაზეთს „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა და აფხაზეთთან საერთო თავდაცვის სივრცის შექმნის, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა უფრო განავითაროს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი, გააღრმავოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და უზრუნველყოს უკვე არსებული შეთანხმებების განხორციელება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ორი ქვეყნის“ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, რის გამოც გეგმის კორექტირებაა საჭირო.
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თქმით, „სამხედრო თამაშებში, რომელშიც 90 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, აფხაზეთის ჩართულობა, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას ემსახურება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)