ქუთაისის სამაზრო ერობამ 1919 წელს 45 ახალი სკოლა შექმნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 აგვისტო, N193

ქუთაისი

ქუთაისის ერობამ თავისი მოქმედების შესახებ მოხსენება შეადგინა. თანახმად ცნობებისა ქუთაისის ერობას ყველაზედ უკეთესად სასკოლო საქმე დაუყენებია.

წლის განმავლობაში ერობამ გახსნა 35 პირველ დაწყებითი და 10 უმაღლესი სკოლა.

მასწავლებელთა რიცხვი 237-დან 510-მდე გაიზარდა.

ამჟამად მაზრაში 195 პირველ დაწყებითი და 23 უმაღლესი სკოლა არსებობს. ამათ გარდა გახსნილია 6 გიმნაზია სკოლებში სულ გიმნაზიების გამოკლებით, 20 600 მოწაფე ითვლება.

გახსნილია აგრეთვე სამასწავლებლო კურსები და მოძრავი კურსები, სამასწავლებლო კურსებთან მოწყობილია სახელოსნოები.

კარგად არის დაყენებული მაზრაში აგრეთვე საექიმო დახმარება. მაზრაში 14 საექიმო პუნქტი და 4 საავადმყოფო ითვლება. წამლობა უფასოა. გარდა ამისა 9 საერობო აფთიაქი არის გახსნილი. ქალაქში გახსნილია ცენტრალური სააფთიაქო საწყობი, რომელიც აწვდის წამლეულობას პროვინციის საერობო აფთიაქებს.