ელისაშვილის „მოქალაქეებმა“ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ალეკო ელისაშვილის პარტიამ „მოქალაქეები“ 26 აგვისტოს ქუთაისში იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის სახელით იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ:
- იოსებ კენჭაძე – იურისტი – ქუთაისი;
- დავით გიორგაძე – იურისტი – ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ტყიბული.
„მოქალაქეებმა“ იმერეთის კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში (ვანი, სამტრედია, ხონი, ტყიბულის; ხარაგაული, ჭიათურა, საჩხერე) საკუთარი კანდიდატები არ დაასახელეს.
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, შეკრებილებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა და ქუთაისლებს ქალაქისთვის ძველი, „დიდების“, „ღირსებისა“ და სახელის დაბრუნებას დაჰპირდა.
ელისაშვილმა მითოლოგიაც გაიხსენა და თქვა, რომ ქალაქით, რომლის „ქონგურებით, გალავნებით“ და „სასახლეებით“ ძველი ბერძნებიც კი აღფრთოვანებულნი იყვნენ, ახლა „დანჯღრეული მარშუტკებისა“ და „უწყლობით გატანჯულ“ ქალაქად არის ქცეული.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, ჟინი, სურვილი და მიზანი, რომ ქუთაისი გახდეს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი სივრცე, როგორიც იყო ადრე“, – მიმართა მან მოქალაქეებს.
მანვე ამ კონტექსტში, პარტიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად „კაცობრიობისა“ და „საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ქალაქისთვის“ საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციის დაბრუნება დაასახელა.
მანამდე, 4 აგვისტოს, თბილისში ელისაშვილმა ახალი პარტია ოფიციალურად წარადგინა, გუნდის ახალი წევრები დაასახელა და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)