„აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია“ უარს ამბობს „პატრიოტების“ ნაბოძებ ხატზე
„აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია“, იმ ორ საეკლესიო ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფაქტობრივ საეკლესიო კონტროლს ახორციელებენ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის ნაბოძები ხატის მიღებაზე უარს ამბობს.
„აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს [აფხაზეთის] პრეზიდენტის მრჩევლის ჩართულობით ქართველი დეპუტატების მიერ ილორის მონასტერში ჩამოტანილ, ქართული ეკლესიის სახელით ნაჩუქარ ხატს და მას უკან აბრუნებს“, – ნათქვამია 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„აფხაზურ მართლმადიდებელ ეკლესიაში“ აცხადებენ, რომ „ეს მისია“ მათი ინფორმირების გარეშე შესრულდა და დასძენენ, რომ „ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე მსგავსი ქმედებები დაუშვებელია“.
ოკუპირებულ აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტმა და მათ მიერ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მონახულებამ აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია.
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ლაშა საქანიამ, 26 აგვისტოს აღნიშნულ ვიზიტში მისი ჩართულობის გამო თანამდებობა დატოვა.
აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და მას ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელით მოიხსენიებენ, თუმცა 1992-1993 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თბილისი მასზე კონტროლს ვერ ახორციელებს.
პრორუსული ორიენტაციის „აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია“ და კონსტანტინეპოლის მიმართ კეთილგანწყობილი „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლო“, ორი ურთიერთდაპირისპირებული ქრისტიანული ჯგუფია, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფაქტობრივ საეკლესიო კონტროლს ახორციელებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)