თბილისის მერმა ქალაქის სატრასპორტო პოლიტიკაში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 27 აგვისტოს თბლისის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებების, მათ შორის, ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის ძირითადი ამოცანა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდა და დედაქალაქში მეტი საავტობუსე ზოლის გაჩენაა, რათა „მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ“.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძო ავტომობილების მძღოლების, არამედ ქვეითების, ავტობუსით, ველოსიპედით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეების ინტერესების გათვალისწინება.
პრეზენტაზიაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დამსწრეებს დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ათი სატრანზიტო დერეფნის სქემა გააცნო. ესენია:
- I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
- II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
- III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;
- IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
- V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
- VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
- VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
- VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
- IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
- X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.
ბითაძის თქმით, ახალი სქემით, თბილისის სატრანზიტო დერეფანი 44 საქალაქო მთავარი დერეფნის მკვებავ და 185 საქალაქო ხაზსა და მთავარი დერეფნის მკვებავ ლოკალურ მონაკვეთებს გააერთიანებს. აქედან პირველში 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, მეორეში კი – ძირითადად სამარშრუტო ტაქსები.
ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქს 18 მეტრის სიგრძის 251 , 20 მეტრის სიგრძის 370, 10 მეტრის სიგრძის 90, 8 მეტრის სიგრძის 220 ავტობუსი და 1 422 სამარშრუტო ტაქსი მოემსახურება.
მისივე თქმით, ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, ტრანსპორტის მოლოდინის დრო კი – საშუალოდ 7-15 წუთამდე შემცირდება.
თბილისის მერის მოადგილისვე ცნობით, პროექტი დედაქალაქში „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვასაც ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)