ხანგოშვილის მკვლელობა: დამოუკიდებელმა გამოძიებამ სავარაუდო თანამონაწილე დაადგინა
საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოცემების – „ბელინგქეთის“ (Bellingcat), „ინსაიდერისა“ (The Insider) და „ შპიგელის“ (Der Spiegel) მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებული კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოძიების შედეგების თანახმადაც, მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილე რომან დემიანჩენკო, იგივე „რომან დავიდოვია“.
გამოძიებაში ნათქვამია, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკო, ამჟამად აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებული უსაფრთხოების კერძო სააგენტოს „ვიმპელ ჯგუფის“ ოპერატიული თანამშრომელია.
დემიანჩენკოს პერსონა ყურადღების ცენტრში მის მიერ გამოყენებული პასპორტის სერიული ნომრის თანმიმდევრობით, ასევე ვიზისთვის საჭირო განაცხადში დამსაქმებლის მითითების შემდეგ მოექცა. იგივე დამსაქმებელი ჰყავდა მითითებული მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვსაც. დემიანჩენკო წარსულში „რომან ნიკოლაევის“ სახელითაც იყო ცნობილი.
გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი, 2011 წლამდე ასევე მუშაობდა ამავე სამსახურის დეპარტამენტში – ვიმპელი.
ანგარიშის თანახმად, წინა დასკვნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ის არის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციითა და მათი ინსტრუქტაჟით „ვიმპელ ჯგუფის“ მიერ იყო ორგანიზებული“.
გამოძიების თანახმად, „ვიმპელ ჯგუფი“ რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დე ფაქტო მარჯვენა ხელია, რომელიც უკიდურესი ზომებისთვის გამოიყენება, მათ შორის არის, უცხოეთში მკვლელობებისა და სხვა უკანონო ღონისძიებების ორგანიზება“. თავად სააგენტო მათი მხრიდან მსგავს ქმედებებს უარყოფს.
ამ გამოძიებამდე, ამავე გამოცემების ტრიომ ხანგოშვილის მკვლელობაში პირველი ეჭვმიტანილის – ვადიმ კრასიკოვის ვინაობაც დაადგინა. კრასიკოვი ასევე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერია, რომლის სახელიც რუსეთში მინიმუმ ორ დაკვეთილ მკვლელობასთან იყო დაკავშირებული.
- ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სხვა თანამონაწილე პირების დასადგენად გამოძიება კვლავაც გრძელდება
- გერმანია აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას
გერმანია აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას.
40 ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც იგი 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა.
გერმანიის მთავარმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.
ხანგოშვილის მკვლელობამ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დაძაბა.
2019 წლის დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა და მოტივად, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მათი უარი დაასახელა.
აგვისტოს დასაწყისში, მედია იუწყებოდა, რომ სლოვაკეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამ რუს დიპლომატს აძევებდა. აღნიშნული ნაბიჯი გამოძიების შედეგებს მოჰყვა, რომლითაც დადგინდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვთან ერთად, სავარაუდოდ, ჩართული იყო რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე – „რომან დავიდოვი“, რომელიც მკვლელობის წინა დღეს რუსეთიდან ევროკავშირში სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალურ საკონსულოში აღებული ვიზით გაემგზავრა.
კრემლი წაყენებულ ბრალდებებსა და მკვლელობასთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)