ზატულინი: რუსეთის არმია და დაზვერვა აფხაზეთს 90-იან წლებშიც ეხმარებოდა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრმა კონსტანტინ ზატულინმა, დაადასტურა, რომ რუსეთის არმიისა და სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) ბევრი წარმომადგენელი 1990-იანი წლებიდან ძალისხმევას არ იშურებდა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთს დამოუკიდებლობისთვის მიეღწია. ამასთან, ზატულინმა აფხაზი პოლიტიკოსები რუსული ინვესტიციების პოტენციალის არასათანადოდ გამოყენების გამოც გააკრიტიკა.
ომისდროინდელი მოკავშირეები
26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის უკანონო აღიარებიდან 12 წლისთავზე, ზატულინმა „აფსუა ტვ“-სთან საუბარში თქვა, რომ უამრავი რუსი, მათ შორის, „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ცდილობდნენ „რთულ დღეებში“ აფხაზეთის დახმარებას.
ზატულინმა, რომელიც რუსეთის „დუმის“ დეპუტატად პირველად 1993 წელს აირჩიეს, ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამდე აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა წინააღმდეგობრივი, ზოგჯერ აფხაზეთის ინტერესებისადმი საზიანოც კი იყო. მან ამ კონტექსტში 1994 წელს აფხაზეთისთვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადაც გაიხსენა.
ზატულინის თქმით, ოფიციალური პოზიციები მაშინ რუსეთში გაყოფილი იყო, რამდენადაც ანდრეი კოზირევის წინამძღოლობით მოქმედი საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საქართველოსთან რეინტეგრაციას ცდილობდა, იმავდროულად კი – თუმც, ფარულად, რუსული არმია და სადაზვერვო სამსახურები აფხაზეთს, რამდენადაც შეეძლოთ, ხელს უწყობდნენ. ზატულინის ეს განცხადება მაშინდელი რადიკალური ჯგუფების მხრიდან ანდრეი კოზირევის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შინაარსს იმეორებს.
ზატულინის განცხადებით, აფხაზებისადმი დახმარება ენგურის ხიდზე მხარეთა დაშორიშორების მიზნით მდგარი „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნაში და რუსეთის დუმის დეპუტატების მხრიდან გაწეულ მცდელობებშიც გამოიხატებოდა, რომელნიც მხარს უჭერდნენ აფხაზთა „პატრიოტულ პოზიციებს“.
მანვე აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელთა დიდი ნაწილი, მათ შორის, თვითონაც, „აფხაზი ერის დამოუკიდებლობასა და თვითგამორკვევის უფლებას“ უჭერდა მხარს და არ დაჰყვა რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც „[კონფლიქტის] მოგვარების რაიმე“ გზის გამოძებნას ცდილობდა.
ზატულინმა გაიხსენა, რომ 1994 წელს იმ რუსი დეპუტატების ჯგუფში შედიოდა, რომელმაც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინის თბილისში ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას საქართველოსთან რაიმე ტიპის სამხედრო შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია. ზატულინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელცინმა შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერა, დოკუმენტის რატიფიცირება არც არასოდეს მოხდარა.
2008 წლის მოვლენები
დეპუტატი იხსენებს, რომ 2008 წელს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, აფხაზეთისა და ცხინვალის მომავალზე რუსეთის სახელმწიფო უწყებებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. მისი თქმით, ზოგიერთი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან“ გარკვეული ტიპის ასოციაციის შექმნას უჭერდა მხარს, აღიარების გარეშე, თუმცა ამ შეთავაზებას რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ამ გზას მხარი არ დაუჭირეს.
- აპრილი 2008: კრემლი განიხილავს ოფიციალურ ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან
- მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
პრობლემური ადგილობრივები
ინტერვიუში ზატულინმა აფხაზეთის ელიტისა და საზოგადოების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აფერხებენ.
მან სასაცილო უწოდა ზოგიერთი აფხაზის მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთისგან წამოსულმა დახმარებებმა ადგილობრივი ბიზნესისა და სამეწარმეო სულისკვეთების შეფერხება გამოიწვია. ზატულინმა სოხუმს ბიზნესის კეთების ხელშემწყობი რეგულაციების მიღების გადადებაც დააბრალა. მისი თქმით, რუსეთს მუდმივად უწევს აფხაზების იმაში დარწმუნება, რომ „აფხაზთა მიწის და უძრავი ქონების აფხაზეთიდან წაღებას არავინ აპირებს“.
ზატულინმა შედარებისთვის საქართველოს აჭარის რეგიონი და იქ არსებული მეგობრული საინვესტიციო გარემო მოიხმო. თავადაც აჭარაში, ბათუმში, საბჭოთა ჩინოვნიკის ოჯახში დაბადებულმა ზატულინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეგიონი, აფხაზეთისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური ინვესტორების მოსაზიდად გაწეული ძალისხმევის წყალობით ყვავის.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ აფხაზი „კანონმდებლების“ სურვილი, რომ აფხაზეთის მოსახლეობის თვალში აპტრიოტებად გამოჩნდნენ, ზოგჯერ რაციონალურ აზრზე იმარჯვებს ხოლმე. ზატულინმა რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების ფლობის ამკრძალავ შეზღუდვებს „დისკრიმინაციული“ უწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)