„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის კანონპროექტს მიესალმება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TIG) 1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ დღეს წარდგენილ კანონპროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძისა და დიმიტრი ცქიტიშვილის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ თანამშრომლობით შემუშავდა.
განცხადების თანახმად, მოქმედი ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ამავე განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგმება.
ორგანიზაციის ცნობით, სააგენტოში ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები მოიყრის თავს, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია გაფანტული ან საერთოდ არცერთ უწყებას აქვს დაკისრებული.
ამასთან, ანტიკორუფციული სააგენტო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება და საგამოძიებო უფლებებით აღიჭურვება. სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი მაღალი კვორუმით დანიშნავს, რაც „მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“.
სააგენტოს შემდეგი ფუნქციები ექნება:
- საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;
- საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
- კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, აღნიშნული მოდელი არაერთ ევროპულ ქვეყანაში წარმატებით არის დანერგილი და ის საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების რეალურ გამოძიებასა და მათ პრევენციას შეუწყობს ხელს.
ორგანიზაცია მოუწოდებს დეპუტატებს საქართველოს, „მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს ფუნდამენტურ გაუმჯობესებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
- TI (კვლევა): კორუფცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)