აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს დაემშვიდობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 31 აგვისტოს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის უკვე ყოფილ ელჩს, დურსუნ ჰასანოვს, რომელმაც დიპლომატიური მისია ამოწურა, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა.
დურსუნ ჰასანოვი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის ელჩად 2017 წლის დასაწყისში დაინიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაკავებული თანამდებობიდან 17 აგვისტოს გაათავისუფლა. ალიევისვე გადაწყვეტილებით, ჰასანოვს ფაიგ გულიევი შეცვლის.
ალიევის მიერ საქართველოდან ელჩის გახმობა სერბეთიდან ასევე აზერბაიჯანის ელჩის ელდარ ჰასანოვის გამოხმობას დაემთხვა, რომელიც ბაქოში კორუფციის ბრალდებით 13 აგვისტოს დააკავეს და თანამდებობიდან ოფიციალურად 17 აგვისტოს გაათავისუფლეს.
სავარაუდო კავშირები იარაღით ვაჭრობის სკანდალთან
პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ონლაინგამოცემის haqqin.az-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სომხეთმა სერბეთისგან და რუსეთისგან საქართველოს გავლით იარაღი მიიღო. ბრალდება საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მდებარე თოვუზის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე გაჟღერდა.
აზერბაიჯანის ოპოზიციონერმა დეპუტატმა და რესპუბლიკური ალტერნატიული პარტიის წევრმა ერკინ გადირლიმ თქვა, რომ ორი ელჩის ერთ დღეს გათავისუფლება სომხეთისთვის იარაღის მიყიდვასთან სერბეთისა და საქართველოს კავშირს ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იარაღის სკანდალთან საქართველოს რაიმე ტიპის კავშირი კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ ეს არის „მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია“. მანვე აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)