შსს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტებზე განცხადებას ავრცელებს
2 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდთან“ მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე, მათ შორის, ვანდალიზმის შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაგირება მოჰყვა სისხლის სამართლის ერთ და 3 ადმინისტრაციულ დანაშაულს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ. განცხადებაში განხილულია შსს-ს რეაგირება, აღწერილია საგამოძიებო პროცესები და პროგრესი მიმდინარე საქმეებზე.
- 26 მაისს „თბილისი პრაიდიდან“ მოიპარეს დროშა. სამინისტრო იუწყება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს.
- 7 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და აივანზე გამოფენილი დროშა დასვარეს შავი საღებავით და ესროლეს კვერცხები. სამინისტროს თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეების კოლეგიამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო 4 პირი. მათგან სამს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთს დაეკისრა 500 ლარიანი ჯარიმა.
- 21-22 ივლისს საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე გადმოკიდებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები. სამინისტრო იუწყება, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა მალევე დადგინდა და პოლიციამ შესაბამისი სამართალწარმოების მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეების კოლეგიას გადასცა.
- 3 აგვისტოს საღებავებიანი კვერცხები კვლავ ესროლეს ოფისის აივანზე არსებულ „პრაიდის“ დროშას. სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლო სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ასევე დადგინდა და შესაბამისი მასალები გადაეცა ადმინისტრაციული საქმეების კოლეგიას.
შსს აცხადებს, რომ სამინისტრო რეგულარულად ესაუბრება „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე სხვადასხვა გამოძიების თაობაზე. განცხადებაში ხაზგასმულია სამინისტროს ძალისხმევა, მოხდეს ინტენსიური მონიტორინგი და დროული რეაგირება დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)