ცხინვალის „პროკურორი“ გადადგომის მოთხოვნებს შანტაჟით პასუხობს
ურუზმაგ ჯაგაევმა, ოკუპირებული ცხინვალის „გენერალურმა პროკურორმა“, ადგილობრივი „დეპუტატების“ მოთხოვნების საპასუხოდ თანამდებობის დატოვების პირობები დაასახელა.
პირველ სექტემბერს ცხინვალის „პარლამენტის“ 17-მა „დეპუტატმა“ მანდატები შეიჩერა და უარი თქვა მუშაობის განახლებაზე, სანამ ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ჯაგაევის გადადგომის შესახებ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა.
იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაგაევმა განაცხადა, რომ „პროკურატურაში“ დეპუტატების შესახებ გარკვეული „მასალები“ არსებობდა. მისი თქმით, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგებოდა, თუკი კონკრეტული „დეპუტატები“, რომლებიც ჯაბიევის საქმის საპროტესტო აქციებზე საჯაროდ გამოდიოდნენ, თავიანთ იმუნიტეტსა და მანდატს დათმობდნენ და სასამართლოს წინაშე წარსდგებოდნენ.
„პროკურორმა“ დეტალურად აღწერა ზოგიერთი ცხინვალელი „კანონმდებლის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები:
მაგალითად, ჯაგაევის თქმით, მოქმედმა „ვიცე-სპიკერმა“ ალექსანდრ პლიევმა 2005 წელს ყალბი გარდაცვალების ცნობა გასცა პირზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა.
დანაშაულის დაფარვას, ჯაგაევის თქმით, ედავებიან „დეპუტატ“ ძამბულატ მედოევს, რომელიც, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილებს მიმალვაში ეხმარებოდა.
ჯაგაევის მტკიცებით, კომპრომატები ასევე არსებობს პარტია „ნიხასის“ ლიდერ ალან გაგლოევის ძმის წინააღმდეგაც, კერძოდ კი – ცხინვალის მიმდებარე სოფელში სამი გვამის აღმოჩენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
ნაკლებად მძიმე ბრალდებები გაჟღერდა „დეპუტატ“ დავიდ სანაკოევის მიმართ, რომელსაც საჯარო გამოსვლისას ცილისწამებაში ადანაშაულებენ.
ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნები 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა. ჯაბიევი 28 აგვისტოს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სავარაუდოდ, დროებითი დაკავების იზოლატორში ცემის შედეგად, სადაც იგი ე. წ. „შს მინისტრ“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდების გამო ჰყავდათ დაკავებული. ინციდენტს ცხინვალში საპროტესტო გამოსვლებით უპასუხეს, რასაც თავდაპირველად ნანიევის გადადგომა, შემდეგ კი მთელი მთავრობის დათხოვნა მოჰყვა.
საპროტესტო გამოსვლები ცხინვალში 31 აგვისტოსაც გაგრძელდა. დემონსტრანტები ბიბილოვისა და ჯაგაევის გადადგომას ითხოვდნენ.
ორი დღით ადრე, 29 აგვისტოს მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, სამხრეთ ოსეთის „პარლამენტარებმა“ ბიბილოვს ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნით მიმართეს. მოთხოვნას 27 დამსწრე „დეპუტატიდან“ ხელი 25-მა მოაწერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)