პარლამენტი საარჩევნო დარღვევებზე სასჯელს ამკაცრებს
პარლამენტმა 3 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, დაჩქარებული წესით, 81 ხმით მიიღო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გარკვეული საარჩევნო დარღვევებისთვის გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლს, რომელიც საარჩევნო დარღვევებს ეხება, შემდეგი თავი ემატება:
- ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
- იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან მატერიალური ან სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
- იგივე ქმედება, ჩადენილი ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ან გ) ჯგუფურად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
ახალი კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)