„იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა
ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე შეცვალა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლალიაშვილი ამ თანამდებობაზე 6 აგვისტოს დაარეგისტრირა.
ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „SWOT ანალიზი“ მიჰყავდა, მანამდე კი „იმედი Live“ ერთ-ერთი წამყვანი იყო. იგი იყო პროდიუსერი 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებული გახმაურებული ფილმისა – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ – რომლის შინაარსი „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილმა სოციალურ ქსელში გააპროტესტა. ფილმის თანახმად, რუსული ჯარები იძულებულნი გახდნენ, 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყვნენ. ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ ფილმი „იმედის“ Facebook-ის გვერდიდან აიღეს.
ნიკოლოზ ლალიაშვილი 2008-12 წლებში მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო საარჩევნო ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატების“ სიიდან. 2004-05 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იყო. მანამდე, 2002–2004 წლებში იგი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მსახურობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)