შსს-მ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა და 1000-მდე აბი სუბოტექსი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე პოლიციამ თბილისში უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.   

შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველების მიერ სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1000 -მდე აბი „სუბუტექსი“. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“.  

„ბუპრენორფინი“ ოპიოიდის სახეობის ნივთიერებაა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გამოიყენება ოპიოიდებზე დამოკიდებულთათვის ჩანაცვლებით თერაპიაში, თუმცა სპეციალური კონტროლის გარეშე მიჩნეულია შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებად.

თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)