საქსტატი: 2020 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 237.8 მლნ აშშ დოლარი იყო

„საქსტატის“ მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის 171.8 მლნ აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 38 %-ით მეტია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეორე კვარტალში 0.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლევანდელ პირველ ორ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ითაა შემცირებული.

2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 24.8% – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოჰყვება ნიდერლანდები (22.4%) და თურქეთი (13.3%).

რაც შეეხება სექტორებს, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 78.1 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო, შემდეგ მოდის ენერგეტიკა – 29.6 მლნ აშშ დოლარით და მშენებლობა – 27.7 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)